“საქართველოში ჯანდაცვა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული და უფრო ხარისხიანი გახდება”

საქართველოში ჯანდაცვა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული და უფრო ხარისხიანი გახდება, – მთავრობა ჯანდაცვის რეფორმების მეორე ეტაპს იწყებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გასული წლების განმავლობაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, რათა მოქალაქეები უზრუნველყოფილნი ყოფილიყვნენ იმ მომსახურებებით, რომლებსაც დღეს იღებენ.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იყო უდიდესი შეღავათი, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელსაც დღეს საქართველოს მაგალითზე არაერთი ქვეყანა სწავლობს.

„დღეს გადავდივართ ახალ, მეორე ეტაპზე, როდესაც უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს საჭიროებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ასევე ხარისხზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი. ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე – ახალი ეტაპის რეფორმები, რომლის განხორციელებაც, ჩვენი აზრით, საჭიროებს უფრო პროაქტიულ ჩართულობას ჩვენი მოქალაქეების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ამიტომ, მინდა ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო, აქტიურად იმუშაოთ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოახდინოთ კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა – იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულებების თავიდან აცილების ეფექტური შემთხვევები. ასევე, სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი. აქაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი მნიშვნელობა ექნება კერძო სექტორთან სწორი თანამშრომლობის მოდელებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

წყარო :  ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.