„საქართველოში ქორწინების წახალისება უნდა მოხდეს, ახალი ოჯახები ძალიან ძნელად იქმნება“

დემოგრაფები შიშობენ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში შობადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ექსპერტთა ეს ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო.

შევცვლით თუ არა 2050 წლისთვის მოსალოდნელ საფრთხეს ქართველი ერის ნელ-ნელა გაქრობის თაობაზე? რას გვიქადის უახლოესი მომავალი დემოგრაფიული კუთხით? ამის შესახებ For.ge-ს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზიდენტი თამარ ჩიბურდანიძე ესაუბრა.

IDFI-ის კვლევის თანახმად, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოში ვერ უზრუნველყოფს სოციალური მხარდაჭერის პირობებს, მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც, წესით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა განხორციელებულიყო. რამდენად აქტუალურია დღეს სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა?

– IDFI-ის კვლევა მნიშვნელოვანია, ის კარგ ანალიზსა და რეკომენდაციებს შეიცავს ჩვენი ხელისუფლებისთვის. მივესალმებით ამ ორგანიზაციების გააქტიურებას დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან წლების წინ მე არ მახსოვს რომელიმე ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდის გარდა, რომელიც ღიად საუბრობდა ამ პრობლემურ თემაზე. გამონაკლისი იყო დემოგრაფთა ასოციაცია. თუ საზოგადოების კონსოლიდაცია არ მოხდა ამ პრობლემის ირგვლივ, ისე ვერაფერი გადაწყდება. რაც შეეხება ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას, თუ გახსოვთ, 2016 წლის დასაწყისში ჩვენი ფონდის სახელით სერიოზული ინიციატივა მქონდა გამოტანილი, რომ დემოგრაფიული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს საოჯახო პოლიტიკა და კონკრეტულად ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა, ფინანსური დახმარება შვილებზე, სხვადასხვა მიმართულებით. საინტერესოა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე შეუმჩნეველი იყო სხვა ორგანიზაციების მიერ, ანუ შობადიბის ზრდის ტენდენცია.

ბოლო სამი წლის მანძილზე შობადობა გაზრდილია საქართველოში, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შობადობა გაზრდილია მხოლოდ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და შემდეგ შვილებზე. ყველაზე მეტად პროცენტული ზრდა შეინიშნება სწორედ მესამე ბავშვის გაჩენისას. რაც შეეხება პირველ შვილებს, აქ მცირედი უმნიშვნელო კლებაა, ანუ იმდენივე ბავშვი იბადება, რამდენიც იბადებოდა და ოდნავ – მცირედიც. ამიტომ საქართველოში უნდა მოხდეს ქორწინების წახალისება. ჩვენთან არ იქმნება ახალი ოჯახები, ძალიან ძნელად იქმნება. 2013 წელს ქორწინებათა რაოდენობა 4 ათასი ერთეულით იყო გაზრდილი, ხოლო 2014 წელს კლება შეიმჩნევა და 2015 წელს ეს კლება გაგრძელებულია. პარალელურად, გაზრდილია განქორწინებათა რაოდენობა. ამიტომაც სახელმწიფომ უნდა აიღოს ახალი სტრატეგია და ახლად შექმნილ ოჯახებზე მზრუნველობის გარდა, უნდა შეიმუშავოს პირველი შვილის სტრატეგია. ეს ნიშნავს, რომ უნდა მომზადდეს სერიოზული პაკეტი ახლად დაქორწინებული ოჯახების მხარდასაჭერად. სწორედ ეს არის ჩვენი ფონდის ახალი წინადადება.

2017-18 წლების პროგნოზი არასახარბიელოა, რადგან რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევლენ 90-იან წლებში დაბადებული გოგონები. 90-იან წლებში კი საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო.

– 2017 წლიდან იწყება სერიოზული დემოგრაფიული კრიზისი. ოფიაციალური სტატისტიკის მონაცემებით, 80-იან წლებში, ანუ 80 წლის დასაწყისიდან ბოლომდე, საქართველოში დაბადებულია დაახლოებით 445 ათასი გოგონა. მოგეხსენებათ, დემოგრაფიული ხაზი ძირითადად დაბადებული გოგონების რაოდენობას მიჰყვება. 90-იან წლებში კი, ანუ 2000 წლამდე საქართველოში დაიბადა ამის ნახევარი, ანუ 225 ათასი გოგონა. ბუნებრივია, გოგონების განახევრებული რაოდენობა გაანახევრებს შობადობას. 2017 წელი არის ის წელი, როდესაც ეს თაობა შედის უკვე დედობის ასაკში. ამიტომ რამდენი ინიციატივაც არ უნდა დავდოთ შობადობის წახალისებასთან დაკავშირებით, 2017 წელს გარდაუვალია შობადობის კლება. მთელი სამი წლის განმავლობაში ვმუშაობთ ამ პრობლემის გამოსასწორებლად, 2016 წლის ივნისამდე დაამთავრებს ჯანდაცვის კომიტეტი დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობას, რომელიც სახელმწიფო სტრატეგია იქნება და ეს ინიაციატივა შედეგს მოგვცემს 2030 წლიდან, ანუ მეორე დემოგრაფიულ თაობაზე. დღეს ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ 2017 წელს დაბადებულ თაობაში გავზარდოთ შობადობა, რაც 2030 წლიდან აისახება, გავზარდოთ ქორწინებათა რაოდენობა, დავაბრუნოთ მიგრანტები. 2030 წლიდან უნდა მოხდეს ამ მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის ერთგვარი ამოვარდნა, თორემ 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია. როგორც 2017 წლიდან შობადობის კლება გარდაუვალია და ამ ციფრებს ვეღარავინ შეცვლის, ისე ვერ შევცვლით 2050 წლისთვის მოსალოდნელ საფრთხეს, თუკი ჩვენ დღეს სერიოზულად არ ჩავრთეთ სახელმწიფო მანქანა. პირდაპირ გეტყვით, 2050 წლისთვის 28%-იანი კლებაა მოსალოდნელი, დღეს კი უკვე 14%-იანი კლებაა, რაც გვიწინასწარმეტყველა გაერომ. თანაც, ეს კლება მოდის მთლიანად ქართულ გენოფონდზე. არ ვერჩით არც ერთ გენოფონდს, ყველა ინიციატივა საქართველოში ეთნოსის განურჩევლად ხორციელდება, მაგრამ გაეროს მონაცემებით, მთლიანი 28%-იანი კლება შეეხება მხოლოდ ქართულ გენოფონდს და სწორედ იმ რეგიონებშია კლება, სადაც უდიდეს რაოდენობას შეადგენენ ეთნიკურად ქართველები.

რამდენად რეალურია ციფრობრივი მონაცემები, რომ დემოგრაფიული სურათის გასაუმჯობესებლად მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად 38 მლნ ლარია საჭირო? თუ ამას დაემატება ყოველ მე-3 და შემდგომ ბავშვზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება (მე-3 ბავშვი 800 ლარი, მე-4 ბავში 1000 ლარი, მე-5 და შემდეგი ბავშვი 1500 ლარი) აღნიშნულისათვის დამატებით საჭიროა დაახლოებით 10 მლნ ლარი?

– 38 მილიონი გულისხმობს ექვს კრიზისულ რეგიონში მესამე და შემდეგ ახალშობილზე ფულად დახმარებას – ბარში 150 ლარის, მთაში 200 ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამას დაემატა მთიან რეგიონებში პირველ და მეორე შვილზე დახმარება. რაც შეეხება ძველ ინიციატივას, სერიოზული მატებაა ექვს რეგიონში, თუმცა იქ ჯერ კიდევ რჩება მინუს ბალანსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი მატება არ შეინიშნება და სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. წარმოიდგინეთ, შობადობის კუთხით იმდენად სერიოზული კოლაფსი იყო, რომ ორი წლის განმავლობაში ამის ამოვსება შეუძლებელი გახდა. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდეს რეგიონალური პოლიტიკა და რეგიონალური კუთხით მოხდეს მესამე და შემდეგ შვილზე ფულადი დახმარების გაცემა. შემდეგ კი ამ პროგრამამ დაფაროს მთელი საქართველო, რადგან თავკომბალა გახდა თბილისი, ძირითადი რეგიონები მოსახლეობისგან იცლება. აღსანიშნავია, რომ ოჯახების მხარდაჭერის პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ დახმარებას. მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად პირადად ჩვენს ფონდს მომზადებული აქვს ოთხი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც წარვუდგინეთ ჯანდაცვის კომიტეტს: 1) საგადასახადო შეღავათები, საშემოსავლო დასაბეგრის გათვალისწინებით; 2) კომუნალურ გადასახადებში შეღავათები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის; 3) საბინაო უზრუნველყოფა. დღეს ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ გვყავს. თუმცა ისინი ქუჩაში არ არიან, რადგან მუნიციპალიტეტები მათ უხდის ბინის ქირის თანხას; 4) განათლების მიცემის ხელშეწყობა სკოლის ასაკში, ასევე, აბიტურიენტებისთვის. მრავალშვილიანი ოჯახების მშობლებს არ აქვთ საშუალება, საკუთარ შვილებს მისაღებ გამოცდებში მონაწილეობა მიაღებინონ, რადგან ისინი ვერ ამზადებენ ბავშვებს შესაბამის საგნებში. ამიტომ სახელმწიფომ დახმარება უნდა გაუწიოს ორ კონკრეტულ საგანში მაინც – უნარ-ჩვევებსა და უცხო ენის შესწავლაში.

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს მრავალშვილიანის სტატუსი. არავინ იცის, რამდენშვილიანი ოჯახი ითვლება მრავალშვილიანად – სამი, ოთხშვილიანი თუ მეტი?

– 2007 წელს გაუქმდა მრავალშვილიანის სტატუსი და დღეს საქართველოში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი.

ნაციონალებმა თანხების დაზოგვის მიზნით გააუქმეს მრავალშვილიანობის სტატუსი?

– 2007 წლამდე მრავალშვილიანად ითვლებოდა შვიდ და მეტშვილიანი ოჯახი და თითო ბავშვზე იყო ხუთლარიანი დახმარება. ნაციონალებმა ესეც გააუქმეს, რომ თანხა მოეხსნათ. გარდა თანხისა, იყო კიდევ პატარა შეღავათები ძველი მთავრობის – შევარდნაძის პერიოდში მიღებული, ისინიც მოუხსნეს, დარჩათ მხოლოს ის, რომ, თუ მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, მხოლოდ მაშინ მიიღებდა სოციალურ დახმარებას.

თქვენი ფონდის მოსაზრებით, რამდენი შვილის ყოლა უნდა ჩაეთვალოს ოჯახს მრავალშვილიანად?

– ჩვენი მოსაზრებაა, რომ მრავალშვილიანად ჩაითვალოს 4 და მეტშვილიანი ოჯახები, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტის და უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებაა, რომ მრავალშვილიანად ჩაითვალოს 3 და მეტშვილიანი ოჯახები. ჩვენს მოსაზრებაში არ ვართ კატეგორიულები, თუმცა ხელისუფლება მარტისთვის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგებს ელოდება. ამჟამად რამდენი ორ, სამ ან მეტშვილიანი ოჯახი გვყავს საქართველოში, ესეც არ ვიცით. გარდა ამისა, ოჯახის ხელშეწყობის პოლიტიკა გულისხმობს დახმარებას არა მარტო მრავალშვილიანი და ახლად შექმნილი ოჯახებისთვის, არამედ – მარტოხელა მშობლებისთვის.

წყარო: for.ge
მანანა ნოზაძე

Comments
Loading...