საქართველოში შესაძლოა კაკლის სამტვრევი დაპატენტდეს

კაკლის სამტვრევი დანადგარის დასაპატენტებლად განაცხადი შემოსულია, თუმცა, პატენტი ჯერ არ გაცემულა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძემ განუცხადა.
„განაცხადი რომ შემოდის, რამდენიმე ეტაპს გადის. ამ ეტაპზე განაცხადმა ფორმალური ექსპერტიზა გაიარა და დადგინდა, რომ ყველა საბუთი წესრიგშია. შემდეგ არის არსობრივი ექსპერტიზა – იმის დასადგენად,  არსებობს თუ არა მსგავსი პროდუქტი. საქმე ამ ეტაპამდე ჯერ არ მისულა, რადგან თითოეულ ეტაპზე გარკვეული საფასურია გადასახდელი, რაც განმაცხადებელს ჯერ არ გადაუხდია,“-აღნიშნა გოგილიძემ.

გამოგონების ავტორები მალხაზ ცისკარიშვილი და სერგო ჯორბენაძე არიან. როგორც ცისკარიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საუბარია, მცირე გეომეტრიული ზომის მანქანა-დანადგარზე, რომელსაც დღე-ღამეში 5 ტონა კაკლის დამტვრევა და გარჩევა შეეძლება.

„კაკლის მწარმოებელ ქვეყნებს მსგავსი დანადგარები აქვთ, თუმცა, ჩვენ რასაც გავეცანით, ისინი ცუდად ამტვრევს და არჩევს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დანადგარი უკეთესად გაარჩევს. ჩვენი გათვლით, დაახლოებით გადასამუშავებელი კაკლის 70% გარჩეული გამოვა,“- აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, დანადგარზე მუშაობას დაახლოებით ორი თვე დასჭირდა.

წყარო: bpn.ge

Comments
Loading...