ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში საბრძოლველად წამსვლელთა რიცხვი შემცირებულია, რაც გარკვეულწილად, ხელისუფლების პოლიტიკით არის განპირობებული.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოქალაქეა წასული საზღვარგარეთ ექსტრემისტულ სამხედრო დაჯგუფებებში საბრძოლველად, არ არსებობს, თუმცა, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლილმა პოლიტიკამ, რაც, მაგალითად, პანკისიის ხეობაში საგანმანათლებლო თუ სპორტული აქტივობების გააქტიურებას გულისხმობს, ახალგაზრდების ინტერესები მეტნაკლებად შეცვალა.
“ბოლო დროს სახელმწიფოს მხრიდან მცდელობაა, რომ ხეობაში სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდეს. გამომდინარე აქედან, ახალგაზრდების ინტერესები ნელ-ნელა იცვლება. სამწუხაროდ, ვიცით, რომ სამი კვირის წინ პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. სირიაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდეა გაზრდილი, რაც ასეთი პატარა ხეობისთვის ძალიან დიდია. ბოლო სამი წელია, რაც ხეობაში განათლების კუთხით სიტუაცია გაუმჯობესებულია. გარდა იმისა, რომ იდეოლოგიური ფაქტორი დიდია, ხეობის გადარჩენის გზად მაინც განათლება უნდა დავასახელოთ. ასევე, ხეობაში გახსნილია სპორტული კომპლექსი, მოგეხსენებათ, რომ პანკისის ხეობა ის კუთხეა, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი სპორტსმენი აღიზარდა. მათთვის სპორტი ძალიან ბევრს ნიშნავს და ამ ახალგაზრდების სპორტულ სახეობებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს “პირველთან” საუბარში მექა ხანგოშვილი.
ხელისუფლების “მიღწევების” პარალელურად ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, პანკისელი ახალგაზრდების დასაქმების პრობლემასა და სამართალდამცველების მხრიდან ეთნიკური ნიშნით მათი დისკრიმინაციის ფაქტებზე საუბრობს.
მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ გამომდინარე პანკისის ხეობის გეოგრაფიული მდებარეობიდან, რაც ისედაც პრობლემას წარმოადგენს, ადგილობრივებს თითქმის არ აქვთ დასაქმების შანსი. ხეობაში არსებული ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა დაკეტილია. არ მუშაობს დიაბაზის საბადოც.
ქართული სპეცსამსახურების მხრიდან კონტროლის გაუმჯობესებაზე საუბრობს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.
“პირველთან” საუბარში ალადაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ტერორიზმის საფრთხეები რეალურად გაიაზრა.
ალადაშვილი აუცილებლად მიიჩნევს ქვეყანაში იმ ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ცნობიერების ამაღლებას, რომლებიც სირიაში პოტენციური წამსვლელები არიან.
“მახსოვს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა პანკისის ახალგაზრდებს ქართულ არმიაში კონტრაქტით მსახურობა შეთავაზა. სხვა სამინისტროებმაც შეიძლება შეთავაზონ სხვადასხვა აქტივობა, რომ ეს სეგმენტი დასაქმდეს”, – აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.
პანკისის ხეობის საერთაშორისო ტერორისტულ ქსელში გნსაკუთრებული ადგილის დამკვიდრებას მეტ-ნაკლებად ხელი შეუწყო ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა პირობებმა. 2014 წლის მდგომარეობით, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სირიისა და ლევანტის „ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველოში, ძირითადად პანკისის ხეობაში, აჭარასა და ქვემო ქართლის რეგიონში 200–მდე შეფიცული ჰყავს. შეფიცულთაგან 44 ახალგაზრდა სირიაში იბრძვის.
ქართველი ქისტები (საქართველოში ჩეჩნებისა და ინგუშების ადგილობრივი სახელწოდება), რომლებიც წარმოადგენენ ვაინახებს, ძირითადად სახლობენ პანკისის რეგიონში. ოფიციალური ცნობების მიხედვით 12.000 ქისტი ცხოვრობს საქართველოში, მათი ნახევარი კი ზუსტად პანკისშია თავმოყრილი. 1970-იან და 1980-იან წლებში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო, ბევრი მათგანი იმიგრაციაში წავიდა რუსეთში, თუმცა ბოლო ათწლეულების მანძილზე ქისტების რიცხვი საქართველოში გაორმაგდა, ჩეჩნეთიდან ლტოლვილების შემოდინების ხარჯზე