საქართველოში ტყვიის, ვერცხლისწყლისა და დარიშხანის შემცველი მარილი იყიდება?

საქართველოში დიდი რაოდენობით ტყვიის შემცველი მარილი აღმოაჩინეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ასეთი სახის 48 ტონა ირანული წარმოების მარილია შემოსული ქართულ ბაზარზე.
მომხმარებელთა უფლებების დამცველთა და მარილის იმპორტიორთა ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ტყვიის, ვერცხლისწყლისა და დარიშხანის შემცველი მარილი იყიდება. სპეციალისტების თქმით აუცილებელია გაგრძელდეს მონიტორინგი.
კომპანია „სოლტ ლაინ ჯორჯიამ“ კუსტარულად დაფასოებული მარილი უკრაინის ლაბორატრიაში გამოკვლევაზე გაგზავნა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი რატი კვანტრიშვილი ამბობს, ჯანმრთელობისთვის საშიში ირანული მარილია, რომელიც გაცილებით იაფი ღირს. -„შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდეს ვიზუალის გარჩევა. როგორც აღმოჩნდა ირანული მარილი ჯანმრთელობისთვის საშიშია და სამწუხაროდ სხვა კომპანიებსაც უფუჭებს რეპუტაციას“.
„სოლტ ლაინ ჯორჯიას“ დირექტორი ირაკლი ქობლიანიძე ამბობს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ამოღებული მარილი ხარკოცის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. -„ამ ლაბორატორიის დასკვნებს ევროკავშირიც ენდობა. კვლევამ დაადასტურა, რომ ირანული მარილი ტყვიას, დარიშხანს და ვერცხლისწყალს შეიცავს“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე ამბობს, რომ ეს მარილი უკან გამოითხოვება და სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება. მისივე თქმით, ამ მარილის საქართველოში შემომტანია „ეკო ჯორჯია“. თავად „ეკო ჯორკია“ ამ საკითხზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მარილის შემოტანით აღარ არიან დაკავებულნი.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია პროდუქციის საბაჟოზე შემოწმება. მადონა კოიძეს ეჭვი აქვს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია დღესაც იყიდება. –„ტყვია ილექება ადამიანის ორგანიზმში, მარტივად არ გამოიდევნება და მისი სამიზნეა ნერვული სისტემა. ეს მარილი შემოტანილია ნოემბერში და სავარაუდოდ მისი უმეტესი ნაწილი უკვე რეალიზებულია, კვლევა უნდა განხორციელდეს უშუალოდ საბაჟოზე და როცა დავრწმუნდებით რომ პროდუქტი უვნებელია, მხოლოდ მერე უნდა დავრთოთ საქართველოში შემოსვლის უფლება“-აცხადებს კოიძე.

Comments
Loading...