საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, 2017 წლის განმავლობაში, დამატებით, 18 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ტურიზმის ადმინისტრაციამ 18 542 090 ლარის მომსახურების შესაძენად ხელშეკრულებების პირდაპირი წესით გაფორმების ნებართვისთვის შესყიდვების სააგენტოს მიმართა. შესყიდვების სააგენტოს ნებართვა 28 თებერვალს მიიღო.

ტურიზმის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, კონკრეტული ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას პოტენციური მომხმარებლებისათვის და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვას.

“სხვადასხვა ქვეყნებში, ადგილობრივი მიმწოდებლებისგან შესყიდული მომსახურებები, ბევრად უფრო შეღავათიანი პირობებით ხდება, რაც უდიდეს გავლენას ახდენს ფასზე, ამასთან, მიმწოდებლების ქვეკონტრაქტორებს, წინასწარ აქვთ შესყიდული და ათვისებული შესაბამისი მომსახურებები (ინტერნეტ-რეკლამა, სატელევიზიო რეკლამა, ბეჭდვითი და გარე რეკლამა) და ასევე, სრულად აქვთ ათვისებული ბაზრები, პოტენციალი და მიზნობრიობა. შესაბამისად, ქართველი მიმწოდებლებისთვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, სირთულეს წარმოადგენს უცხოურ ბაზარზე შესაბამისი კონტაქტების უქონლობა და მიმდინარე სარეკლამო კამპანიების კონტროლი, რასაც მარტივად ახორციელებს უცხოელი მიმწოდებელი. მათი შემოთავაზებები მეტად ეფექტური და მისაღებია, ამასთან, მათი კონტაქტები იძლევა საშუალებას შეზღუდულ ვადებში ნებისმიერი სახის პროექტის განხორციელებაზე,” – ასეთია ტურიზმის ადმინისტრაციის ერთ-ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა მოხდეს მომსახურების გამარტივებული სახით შესყიდვა.

2017 წლის მარტიდან – 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებების სავარაუდო ღირებულებაა:

  • საერთაშორისო ტურისტული გამოფენები – 70 ათასი ლარი;
  • საზღვარგარეთ გასამართი პრეზენტაციები და Road Show-ები – 140 500 ლარი;
  • გამოფენის და პრეზენტაციების ფარგლებში ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება – 17 090 ლარი;
  • სარეკლამო კამპანიები – (ინტერნეტ რეკლამა, ბეჭდური რეკლამა, რეკლამა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარე რეკლამა, ლედ მონიტორებზე, რადიო რეკლამა და ა.შ.) – 17 471 000 ლარი;
  • ფოტოების შესყიდვა და ფოტო მომსახურებები – 80 ათასი ლარი;
  • ტექსტების თარგმნა, რედაქტირება, თარჯიმნის მომსახურება – 49 500 ლარი;
  • ბრენდინგი – 479 ათასი ლარი;
  • სატრენინგო მომსახურებები – 210 ათასი ლარი;
  • სხვადასხვა მომსახურებები 25 ათასი ლარი.

2017 წელს საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი კამპანიისთვის უკვე გაიცა 2,5 მილიონი ლარის მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვის თანხმობა.