საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა, 10-12 კლინიკა გამოეთიშოს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღაში მონაწილეობას სავარაუდოდ, 10-12 კლინიკა არ მიიღებს.

როგორც მან საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულ კლინიკებს გარკვეული ტიპის ხარვეზები უფიქსირდებათ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესების ხედვა გაითავისონ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოთიშული კლინიკების რაოდენობა უფრო მცირე იქნება.

სერგეენკოს ინფორმაციით, ახალი რეფორმების ძირითადი მიმართულებების განხორციელება თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრი დღეს, საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და რეფორმების მეორე ტალღის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეპრესიული მეთოდები არასდროს გამოუყენებია, რამაც რიგ კლინიკებს მცდარი მოლოდინები შეუქმნა.

Comments
Loading...