სასამართლო პროცესზე აიუფ ბორჩაშვილის კომპიუტერის ჩანაწერებს გამოიკვლევენ

ტერორისტულ ორგანიზაციასთან – “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირისა და მასში ახალგაზრდების გადაბირების ბრალდებით დაკავებული, აიუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სხდომაზე ბორჩაშვილის კუთვნილ კომპიუტერში არსებულ ინფორმაციას განიხილავენ.
პროკურატურის ინფორმაციით, კომპიუტერში არსებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები ნათლად აჩვენებს ბორჩაშვილის ბრალს და კავშირს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებთან.
,,ბრალდების მხარე დღეს გააგრძელებს ბრალდებულ აიუფ ბორჩაშვილის კუთვნილ “ლენოვოს” ფირმის ე.წ პლანშეტში არსებული ინფორმაციის გამოკვლევას, რაც აბსოლუტურად თანხვედრაშია საქმეზე დაკითხული მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების, კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია შეეხება აიუფ ბორჩაშვილის კავშირს “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლებთან და ასევე იმ გარემოებებს, რის გამოც მას ბრალი აქვს წარდგენილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

დაცვის მხარე ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მიმოწერა თუ ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბორჩაშვილის ბრალს დაამტკიცებს.
,,დაცვის მხარემ, ჩვენ, ვერ ვნახეთ ამ მასალებში ბორჩაშვილის საწინააღმდეგო კონკრეტული რაიმე გარემოება, პირიქით ბორჩაშვილის საუბრებიდან ჩანს, სატელეფონო თუ მიმოწერიდან, რომ ბორჩაშვილი ეძებს ვინმე შუამავალს, რომელიც სირიაში მყოფი ახალგაზრდების დაბრუნებაში დაეხმარება”, – აღნიშნა აიუფ ბორჩაშვილის ადვოკატმა გია პაპიაშვილმა.
პროკურატურა ბორჩაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ პირებს “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირს და პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Comments
Loading...