სასამართლომ ბაჩანა ახალაიას მოთხოვნა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ბაჩანა ახალაიას მოთხოვნა პროცესის გადადების შესახებ დააკმაყოფილა.

ახალაიამ განაცხადა, რომ მას სურს სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად დაერთოს ევროსაბჭოს დასკვნა, რისთვისაც სჭირდება პროცესის გადადება. მან დოკუმენტის სათარგმნელად, რათა დაცვის მხარემ შესავალ სიტყვაში გამოიყენოს, დრო ითხოვა.

ახალაიას მოთხოვნას არ დაეთანხმა პროკურატურის წარმომადგენელი. მისი განცხადებით, ამის საჭიროება არ იყო. თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 27 იანვარს 12 საათსა და 30 წუთზე დანიშნა.

ბაჩანა ახალაიამ ასევე თქვა, რომ სასამრთლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწმეთა დაკითხვის საშუალება და ის მოწმეები, რომელზე დაყრდნობითაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, არიან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, სასამრთლო სისტემა კი “შევარდნაძის დროინდელ მდგომარეობაში და კორუფციაში დაბრუნდა“. ახალაიას თქმით, მას მოსამართლეების აცილება სურდა, თუმცა აზრი არ აქვს, რადგან, მისი თქმით, სხვა მოსამართლეც იგივე სისტემის ნაწილი იქნება.

„თქვენ მხარე ხართ ამ პროცესში“, – განაცხადა ახალაიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.