სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წარსულში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში, დაისის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს დიანა მოსიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ზურაბ მარქარიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ მარქარიანი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა ზურაბ მარქარიანის დაუსწრებლად მოხდა, ვინაიდან იგი არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესზე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

Leave A Reply

Your email address will not be published.