სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15-ე დაწესებულების რეჟიმის ცვლის კონტროლიორი გოჩა ნოზაძე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ნოზაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15-ე დაწესებულებაში, შემდგომში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 7 000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.