სასწავლო ცენტრ “კრწანისში” “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” გაიხსნა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” გაიხსნა, სასწავლო ცენტრ “კრწანისში”, ხუთშაბათს. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარეობს და მასში 13 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც გაიმართება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს წარმოადგენს ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
უწყების ინფორმაციით, ეს არის პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც ნატო-ს სწავლებების სიაშია შეტანილი.
“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატო-ს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის”, ნატო-ს სახმელეთო ძალების სარდლობის, ნატო-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება.
მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ნატო-ს 13 წევრი -თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ და 2 პარტნიორი ქვეყნის -უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.
სწავლებაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციის “Save the Children” და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ

სწავლების გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ “ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი პირველად უმასპინძლებს, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების ნათელი მაგალითია”.
“ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელმაც განვითარების იმ ეტაპს მიაღწია, რომელსსაც შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ტიპის სწავლებას უმსაპინძლოს”,-განაცხადა ჩაჩიბაიამ.
ნატო-ს გაერთიანებული სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ვლადისლავ იუნგის თქმით, “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” კრიზისებზე ორიენტირებული ტრენინგია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატო-სთან ერთად ახორციელებს.
“ნატო-საქართველოს” სწავლების გახსნა სოციალურ ქსელში შეაფასა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით,აღნიშნული სწავლება “საკვანძო მოვლენა ნატო-საქართველოს ხანგრძლივ და ღრმა თანამშრომლობაში, რაც ძლიერი თავდაცვისადმი, ნატო-ს ოპერაციებისადმი და საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი საქართველოს ერთგულების აღიარებაა”.
“ნატო-საქართველოს სწავლება 2016”, 20 ნოემბრამდე გაგრძლდება. “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი” (SNGP), საქართველომ 2014 წელს უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე მიენიჭა და ის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.
Comments
Loading...