“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუდმივად იქნებიან მოშიმშილეებთან”

დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ კანცელარიის წინ მოშიმშილეები მოინახულა. დეპუტატმა თითოეული მათგანის ჯანმრთელობის შესახებ მიიღო ინფორმაცია და განცხადება გააკეთა:

„მე აქ მოვედი ჩემი თანამდებობრივი და პროფესიული ვალის მოსახდელად. მე გახლავართ საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. უკვე მეექვსე დღეა, მოქალაქეები შიმშილობენ და შეიძლება, მათ ჯანმრთელობას გართულება მოჰყვეს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენთვის ყველასათვის პატივსაცემ პიროვნებას ბატონ ლევან თედიაშვილს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ერთ მოქალაქეს – მაღალი ტემპერატურა. მოშიმშილეების ჯანმრთელობა გარემო კლიმატის გათვალისწინებით საყურადღებოა. აქ სწორედ იმიტომ მოვედი, რომ თავად მომენახულებინა ისინი და პირადად მიმეღო ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის შესახებ.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქის მერთან დავით ნარმანისთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუდმივად იქნებიან მათთან და მოშიმშილეებს ექიმები არ დატოვებენ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ყველაფერს გავაკეთებთ მათი ჯანმრთელობის დასაცავად”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Comments
Loading...