სასულიერო პირებმა აქცია გამართეს

სასულიერო პირებმა და მრევლმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციაზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით – “გადადგეს მინისტრი – დემონიზმისა და გარყვნილების აპოლოგეტი”, “ჰელოუინი დემონიზმი და უკულტურობაა”.
სამინისტროსთან აქციის მონაწილეები ორ საკითხს აპროტესტებდნენ, სკოლებში ჰელოუინის მოწყობას და ახალი საგნის შემოღებას. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, გარკვეულ სკოლებში ჰელოუინის დღესასწაული მოეწყო, ასევე პროტესტი გამოთქვეს ახალი საგნების – “მე და საზოგადოება” და “ჩვენი საქართველო” შემოღებაზე.
სასულიერო პირებმა აქციაზე წარმოადგინეს მასალები, რომლებიც, მათი თქმით, განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზეა ატვირთული. მათი განცხადებით, პედაგოგებმა უნდა შესთავაზონ მოზარდებს განსხვავებული ორიენტაციის პირების როლი ითამაშონ. აქციის მონაწილეთა თქმით, ამ საგნების სწავლება სკოლებში დროებით შეჩერდა, თუმცა პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მათთვის შექმნილია მასწავლებელთა მოსამზადებელი წიგნები. დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით, სკოლებში ამ წიგნების შემოღებას არ დაუშვებენ და ასეთ შემთხვევაში პერმანენტულად აქციებს გამართავენ.
აქციაზე რამდენიმე საჯარო სკოლაში ჰელოუინის გამართვაც გააპროტესტეს. მშობელთა კავშირის თანათავმჯდომარის, ავთანდილ უნდიაძის თქმით, როგორც მათთვის გახდა ცნობილი, სკოლებში ე.წ. ჰელოუინის ჩატარების ინიციატორი სწორედ განათლების სამინისტრო იყო.
“მისი წარმომადგენელი, კერძოდ რესურსცენტრიდან რამდენიმე სკოლაში მივიდნენ და სკოლის ხელმძღვანელს სთავაზობდნენ ჩაეტარებინა წარმართულ-ოკულტური დღესასწაული. საზოგადოდ, ჰელოუინის საქართველოში დამკვიდრებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იღწვის” , – განაცხადა უნდიაძემ.
სასულიერო პირებმა განათლების სამინისტროსთან ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს.
აქციაზე განათლების სამინისტროს შენობიდან პრესცენტრის წარმომადგენელი გამოვიდა და განაცხადა, რომ “მე და საზოგადოება” და “ჩვენი საქართველო” ეს წიგნები დაბეჭდილი არ არის. დეკანოზმა დავით ქვლივიძემ პრესცენტრის წარმომადგენელს პედაგოგების მოსამზადებლად შექმნილი სახელმძღვანელოდან გარკვეული ადგილებიც წაუკითხა, კერძოდ, თუ როგორ უნდა შესთავაზოს პედაგოგმა მოსწავლეს განსხვავებული ორიენტაციის პირის როლის თამაში. აღნიშნულის შემდეგ პრესცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე სამინისტრო კომენტარს დღეს მოგვიანებით გააკეთებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.