საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა

2016 წლის 1-ელი მარტიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება. ეს აკრძალვა ავტომობილების გარდა, ასეთი ტიპის ავტობუსებსაც შეეხება. ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1-ელი მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს, ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხება მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება. ამასთან, რეგისტრაციის აკრძალვა საქართველოში უკვე ექსპლუატაციაში მყოფ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებსა და ავტობუსებზე არ გავრცელდება და მათი ხელახალი რეგისტრაცია დასაშვები იქნება. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პროექტის მიღებას პარლამენტი არ იჩქარებს და საკითხი მიმდინარე წლის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება. ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონსა და მასთან ერთად, ოთხ კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

Comments
Loading...