სავალუტო ფონდი: საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე უკეთესი ზრდა ექნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი იმედოვნებს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2%-ზე მეტი იქნება.

ამის შესახებ სადიკოვმა სსფ-ს ახალი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სამართლიანი იქნება, საქართველოს ეკონომიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარდეს. სადიკოვი სამ გლობალურ შოკს ასახელებს, რამაც რეგიონზე მოახდინა გავლენა. ესენია:

1. ნავთობზე ფასის კლება, 1 ბარელზე $110-დან $50-მდე ( ამან გავლენა იქონია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე; ასევე ფასების დაცემა სამომხმარებლო პროდუქტებზე).

2. რუსეთის ეკონომიკის ვარდნა (სსფ-ს პროგნოზით ვითარება გაუმჯობესდება, მაგრამ არა მკვეთრად, ზრდა იქნება 1,5%)

3. სავალუტო რყევები – გაცვლითი კურსების მკვეთრი ცვლილება.

სადიკოვის განცხადებით, საქართველოში მოხმარება და ინვესტიციები შემცირებულია, ასევე დაბალია ფულადი გზავნილების მოცულობაც, თუმცა, არის პოზიტიური ასპექტები, ეკონომიკის ზრდა მაინც მდგრადია და 2.5%-ზე მაღალია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებზე დიდია.

„იმედი გვაქვს, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2%-ს გადააჭარბებს. საქართველოს უკეთესი ისტორია აქვს, ბიზნეს გარემოს, ასოცირების შეთანხმების გამო და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე უკეთესი ზრდა ექნება”, – აღნიშნა სადიკოვმა.

მან ლარის გაუფასურებაზეც ისაუბრა, გამოყო ლარზე თურქეთსა და რუსეთში ვალუტის გაუფასურება, ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გამო.

„მიუხედავად ყველაფრისა, ლარის გაუფასურება უფრო “ხავერდოვანი” იყო, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტების, რადგან საქართველოში ვარდნა ერთბაშად არ მომხდარა”, – აღნიშნა სსფ-ს წარმომადგენელმა.

სადიკოვი ამბობს, რომ ლარის გაუფასურებით კიდევ უფრო გაიზარდა ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი.

„ხალხი წუხდა ანაბრებზე და გადაიტანეს დანაზოგები უცხოურ ვალუტაში, სესხების აღებას კი ლარში ცდილობენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბანკებს თავიანთი საბალანსო უწყისები უნდა ჰქონდეთ ზეწოლის ქვეშ. ბანკები ზღუდავენ აშშ დოლარში ანაბრებზე პროცენტს, ამასთან, ლარში კრედიტებზე პროცენტი გაიზრდება”, – ამბობს სადიკოვი.

Leave A Reply

Your email address will not be published.