“საზოგადოებაში გულგატეხილობაა და როცა ხელისუფლებასთან დაპირისპირება არაა”

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტიკური გადანაწილებების ირგვლივ ციებ-ცხელება დაიწყო. ერთნი ამბობენ, რომ 2016 წლის არჩევნებზე, დიდი ალბათობით, რამდენიმე სრულიად ახალ პოლიტიკურ მოთამაშეს ვიხილავთ. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ მომავალ პარლამენტში ოთხი ძალა იქნება წარმოდენილი და ეს ძალებია „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“, ნინო ბურჯანაძის გაერთიანება და „პატრიოტთა ალიანსი“. თუმცა სრულიად ახალ პოლიტიკურ მოთამაშეებზე საუბარი საქართველოში ცოტა ირონიას ემსგავსება, რადგან ჩვენში ხშირად, რეინკარნაციას განიცდიან ძველი ძალები და, საბოლოო ჯამში, ისეთივე პოლიტიკურ სუბიქტებს ვიღებთ, როგორიცაა „გირჩს“ ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობა“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან, რადგან საქართველოში ამბიციების ნაკლებობა ნამდვილად არ გვაკლია, მაგრამ სხვა საკითხია, ეს ახალი ძალები რამდენად მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანენ ქართულ პოლიტიკურ მოზაიკაში.

გია ხუხაშვილის თქმით, თეორიულად ახალი ძალის გარკვეული შანსი აქვს პაატა ბურჭულაძეს და, როგორც ჩანს, ის, საბოლოო ჯამში, პოლიტიკაში გადაინაცვლებს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ შესაძლებელია პარტიების გარკვეული დაჯგუფებები.

„თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს რაღაც სინერგიას შესძენს არსებულ პოლიტიკურ სპექტრს. პირდაპირ შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვის აქვს ბარიერის გადალახვის თეორიული შანსი, ეს არის „თავისუფალი დემოკრატები“, „ლეიბორისტული პარტია“, ნინო ბურჯანაძე, „პატრიოტთა ალიანსი“, პაატა ბურჭულაძის ფონდი. ბუნებრივია, ამას ემატება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება, ბურჯანაძე და „პატრიოტთა ალიანსი“ ლეიბორისტებთანაც გაერთიანდეს, მაგრამ ლეიბორისტებს მაინც ჰყავთ თავიანთი ექსკლუზიური ელექტორატი, რომელიც 2012 წლის არჩევნების ჩავარდნის შემდეგ დაიბრუნეს.

რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, პრინციპში, ისინი იდეოლოგიურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყველაზე ახლოს არიან, მაგრამ მათი გაერთიანება არაფერს აძლევს „თავისუფალ დემოკრატებს“. პირიქით, ხმებს დააკარგვინებს. ამიტომ ისინი ვერ გაერთიანდებიან და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ დამოუკიდებელი რესურსი, ბარიერი გადალახონ.

პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ, თუ მან თუნდაც მინიმალური პარტიული ინფრასტრუქტურის შექმნა მოახერხა, მისი ამომრჩეველი გახდება ელექტორატის სერიოზული ნაწილი, ვინც თვლის, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უფრო უარესი ოპოზიცია. სხვათა შორის, ამ ჩამონათვალს ემატება „გირჩიც“.

„გირჩს“ აქვს მცირე სეგმენტიც და თეორიული შანსებიც, რომ პარლამენტში შესვლა მოახერხოს. თუმცა იმის გამო, რომ მაჟორიტარული არჩევნები შენარჩუნებულია, ეს არათანაბარზომიერ, არალეგიტიმურ უპირატესობას აძლევს ხელისუფლებას, რაც, ჩემი აზრით, დაძაბულობის მთავარი კერა გახდება. დაბალი აქტივობის შემთხვევაში, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საერთოდ არჩევნების შედეგები. მით უფრო, რომ ამომრჩევლის მზარდი ნიჰილიზმი უკვე არსებობს და ამ კრიზისის გადალახვის რესურსი ამ ხელისუფლებას არ აქვს. თუმცა ხელისუფლება ტკბილია და ხელისუფლებაში ყოფნა საღ აზრს არასოდეს გულისხმობდა საქართველოში. ამიტომ მათი საღი აზრის დიდი იმედი არ მაქვს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება კონკრეტულად ახალ ძალებს, ექსპერტის თქმით, სრულიად ახალი ძალაა პაატა ბურჭულაძე და ჩერნოვეცკი, თუმცა საეჭვოა, ჩერნოვეცკის საპარლამენტო ამბიციები ჰქონდეს და იმდენად არაკომპეტენტური იყოს, ვერ მიხვდეს, რომ ეს საქართველოში შეუძლებელია. უბრალოდ, გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ჩერნოვეცკის ამოცანაა ერთი-ორი მაჟორიტარული მანდატის მოპოვება, რადგან ის აქტიური ადამიანია, დაიღალა უსაქმურობით და ახლა გადაწყვიტა, ცოტა გაიფაფხუროს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და ჩერნოვეცის კავშირებს, ექსპერტი ეჭვობს, რომ ჩერნოვეცკის უკან სააკაშვილი იდგეს, პირიქით, ჩერნოვეცკი მიშას ბუნებრივი მოწინააღმდეგე უფროა, ვიდრე მისი მოკავშირე. მისი მსგავსი აქტიური ადამიანისთვის ცოტა რთულია ტყუილად ჯდომა, ამიტომ პოლიტიკით ცოტა გაერთობა და საქართველოს თუ ვერ გააბედნიერებს, თვითონ მაინც გაბედნიერდება.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საზოგადოებაში მაინც და მაინც დიდი მოთხოვნილება არ არის ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უფრო გულგატეხილობაა და იმ დროს, როცა ხელისუფლებასთან დაპირისპირება არაა, ახალ პოლიტიკურ ძალაზე მოთხოვნილება არც ისე დიდია. ასე რომ, ახლანდელ არჩევნებშიც ძველი პოლიტიკური სპექტრი მიიღებს მონაწილეობას.

„ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე გაერთიანება და კოორდინაცია შედგეს. ნაციონალები არ მოისურვებენ არავისთან გაერთიანებას, რადგან გაერთიანებით ისინი ამომრჩეველს მაინც ვერ მიიზიდავენ და თავისი დეპუტაციის რაოდენობას, ანუ პარლამენტში ადგილებსაც დაკარგავენ. არც სხვა პოლიტიკური ძალებისთვის მიმაჩია ნაციონალებთან გაერთიანება მომგებიანად. რაც შეეხებათ სხვა სერიოზულ მოთამაშეებს, ამ ეტაპზე ნაციონალებს გარდა, სამ პოლიტიკურ პარტიას აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი – ბურჯანაძე, „პატრიოტთა ალიანსი“ და „თავისუფალი დემოკრატები“. დარჩებიან სხვა პატარა პოლიტიკური ჯგუფებიც, ანუ ის პარტიები, რომლებსაც, მართალია, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ, მაგრამ ხმების გაყოფის შანსი კი აქვთ. მათ შორის, არიან „ლეიბორისტები“, „ახალი მემარჯენეები“. ეს მონაცემები იმ შემთხვევაშია რეალური, თუკი „ქართული ოცნების“ კოალიცია შეინარჩუნებს თავის შემადგენლობას. ხოლო, თუკი კოალიციაში განხეთქილება იქნება, მაშინ ცოტა სხვაგვარად გადაჯგუფდებიან პოლიტიკური ძალები“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ მოთამაშედ გამოკვეთილ პაატა ბურჭულაძესა და ჩერნოვეცკის, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ბურჭულაძე არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მისგან განსხვავებით, ჩერნოვეცკი ფიქრობს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ცალკე აღებულს, არც ერთ მათგანს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ. ამდენად, ალბათ, უმრავლესობას მაინც „ოცნება“ აიღებს, ყოველგვარი გაყალბების გარეშე.

თეორიულად ამ ორი ძალის-ჩერნოვეცკისა და ბურჭულაძის გაერთიანება და ბლოკის შექმნა მაინც ვერ შექმნის კლიმატს. საეჭვოა, მათ ბარიერი გადალახონ, მათ უნდა ეძებონ სხვა პოლიტიკურ ძალებთან კავშირი. ასეთი კავშირი კი გარკვეული ფინანსების ქონას ნიშნავს.

წყარო: for.ge
მანანა ნოზაძე

Comments
Loading...