საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის ბრძოლა – სამეურვეო საბჭომ სამ კანდიდატს უკვე მოუსმინა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ სამ კანდიდატს უკვე მოუსმინა. ზაალ ანჯაფარიძემ, თინათინ ბერძენიშვილმა და ნათია კუპრეიშვილმა ბორდს პირველი არხის განვითარების საკუთარი გეგმები გააცნეს.
ამისა შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
მისივე ცნობით, თითოეული კანდიდატის მოსმენა რამდენიმე საათს გრძელდებოდა და საბჭოს წევრებს ტელევიზიის ხელმძღვანელობის მსურველებთან არა ერთი შეკითხვა ქონდათ.
საკუთარ გამოსვლაში გეგმებთან ერთად, დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა რთულ მემკვიდრეობაზეც ისაუბრა, მათ შორის იმ პერიოდზეც, როდესაც თავად საზოგადოებრივ მაუწყებელში მენეჯმენტში მუშაობდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება გასაუბრებაზე, კიდევ ერთმა კანდიდატმა. ნათია კუპრაშვილს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ გამოყენებული რესურსი მიღებული შედეგის არაპროპორციულია.
პირველს ხუთეულიდან სამეურვეო საბჭოს წევრები ზაალ ანჯაფარიძეს შეხვდნენ. ანჯაფარიძე ასევე პირველი იყო, ვისაც კითხვა პოლიტიკური მიუკერძოებლობის შესახებ დაუსვეს.
კითხვა, როგორ აპირებს პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, სამეურვეო საბჭოს წევრებს ყველა კანდიდატთან ჰქონდათ. თინათინ ბერძენიშვილის შემთხვევაში კი, საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ ის ერთობლივი ეგზიტპოლიც გაიხსენა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პროტესტის ფონზე მაინც შეუერთდა.
სულხან სალაძე ასევე დაინტერესდა, პოლარიზებული მედიისა და დაანონსებული ჰოლდინგის შექმნის ფონზე, იზრდება თუ არა პოლიტიკური ჩარევის საფრთხე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. დირექტორობის ერთ-ერთ კანდიდატი, ნათია კუპრაშვილი მსგავს რისკებს ვერ ხედავს.
ხვალ უკვე სამეურვეო საბჭო გასაუბრებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კიდევ ორ კანდიდატს, ნინო ზაუტაშვილს და ვასილ მაღლაფერიძეს შეხვდება.
მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა კი 6 იანვარს გაიმართება.