საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა

მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა.

აღნიშნული კანონპროექტი 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განუცხადა.

“დღეს მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა მთელი ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე, რასაც, ასე ვთქვათ, დავთმობთ, ეს არის ვადები. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის 1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ასევე, დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარბარებში, სერიოზული ლიცენზირების პირობებში”,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დეპუტატ გუგული მაღრაძის ინიციატივაა, რომ ოფისებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ძალაში შევიდეს 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ვინაიდან მათ არანაირი მომზადება არ სჭირდებათ.

Comments
Loading...