სერგეენკო: წყლის ხარისხის კონტროლზე, მათ შორის სკოლებში, სეს-თან აქტიურად ვთანამშრომლობთ

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი, მათ შორის სასკოლო დაწესებულებებში, სურსათის უვნებლობის სააგენტოს კომპეტენცია, თუმცა სამინისტრო მათთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ განცხადებით დავით სერგეენკო ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად რეგიონებში არსებულ 45 სკოლაში სასმელი წყალი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს არ პასუხობს და ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედოა.

მისივე თქმით, სასმელ წყალთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე არსებობს გეგმა, რომლის დიდი ნაწილი შესრულებულია.

„სასკოლო დაწესებულებების წყლის მომარაგებაზე 2014 წლიდან დაწყებული სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებატა კონტროლის ცენტრი ერთობლივად მუშაობენ. მთელი ქვეყნის მასშატბით შექმნილია რუკა, სად, რა ტიპის წყამომარაგებაა. სად რა ტიპის ხარვეზებია. გაწერილია გეგმა, სად, როგორ უნდა მოგვარდეს ყველაფერი. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი შესრულებულია.

ზოგადად, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი, მათ შორის, სასკოლო დაწესებულებებში არის სურსათის უვნებლობის სააგენტოს კომპეტენცია, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან“,- აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ინფორმაცია ომბუდსმენმა სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. ომბუდსმენის ინფორმაციით, სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია და 45 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

აღნიშნულ საკითხს “აიპრესთან” გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც, სადაც განმარტეს, რომ სასმელი წლის დაბინძურება შესაძლოა დიარეული დაავადებების გამოწვევის მიზეზი გახდეს, რომელიც ბავშვებში ხშირად რთულად მიმდინარეობს და ომბუდსმენის განცხადება ყურადსაღებია.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი განმარტავენ, რომ აღმოჩენილი დარღვევები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ კახა სოხაძემ „აიპრესს“ განუცხადა, პრობლემა იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ დარღვევები უფრო მასშტაბური გახდება. მისივე თქმით, დარღვევების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციები გაცემულია.

საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარიხთან დაკავშირებით პრობლემებს უარყოფს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. მისი თქმით, წყალთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა არც ერთ სკოლაში და სკოლებს ყოველთვის გაფილტრული და უსაფრთხო წყალი მიეწოდება.

წყარო : ipress.ge

Comments
Loading...