სერგეენკო: უნდა დავიცვათ ეტიკეტი და პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა თავად პროცესში არ მონაწილეობს.

ამის შესახებ სერგეენკომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება თემას, თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრთა კაბინეტის თუ საპარლამენტო თანამდებობების წევრები, საზოგადოებას ინტერესი ლეგიტიმურია, სწორია, უბრალოდ ამ მხრივ, თანმიმდევრობა აქვს ყველაფერს და პირველი სიტყვა პრემიერს უნდა მივცეთ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კითხვაზე – იქნება თუ არა კვლავ ჯანდაცვის მინისტრი, სერგეენკო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტმა უნდა მიიღოს.

„უნდა დავიცვათ ეტიკეტი და პირველი სიტყვა პრემიერს დავუთმოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე დღეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, ასევე სპორტისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურების საკითხებზე იმსჯელეს.

Comments
Loading...