სერგო რატიანი: მოვალე ვარ, პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად, სპორტის სასახლეს თანხა გადავურიცხო

„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც რატიანის განცხადებაშია აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო და მეშვიდე პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესი“ დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ყრილობის გამართვის თარიღად 20 იანვარი, ხოლო დელეგატების რაოდენობა 7 000-ით განისაზღვრა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში, სპორტის სასახლესთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თანხის გადახდის ბოლო ვადად 18 იანვარი განისაზღვრა.

„დღეისთვის, პოლიტიკურ საბჭოს არ დაუმტკიცებია ყრილობის სამართლებლივად ჩატარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათახმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით, დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

ჩვენი პოზიცია დღესაც უცვლელია და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს წესის დარღვევით შექმნილი „საორგანიზაციო კომისიისა“ და მისი მხარდამჭერების არჩეული გზით, 2017 წლის 20 იანვარს ჩატარებული ყრილობა შეუძლებელია ჩაითვალოს ლეგიტიმურად, იურიდიულად გამართულად და სათანადოდ ორგანიზებულად.

მიუხედავად ამისა, რადგანაც არსებობს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რადგანაც არსებობს პატიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ნაწილის მოთხოვნა, მე მოვალე ვარ, გადავრიცხო სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად“, – ნათქვამია სერგო რატიანის განცხადებაში.

Comments
Loading...