სესიაშვილი: საკუთარ თავებს ვუწყობთ ნაღმებს, ვის რაში სჭირდება გვარამიას და ბურჭულაძის მოსმენა?

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელება ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა.

როგორც სესიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ეს იმ ძალის გაკეთებულია, რომელიც ქვეყანას პროვოკაციული მეთოდებით მართავდა.

„ეს არის იმ ძალის მიერ გაკეთებული, რომელიც ქვეყანას პროვოკაციებით მართავდა. ჩვენ საკუთარ თავებს ვუწყობთ ნაღმებს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ ავაფეთქოთ? ვის რაში სჭირდება გვარამიას და ბურჭულაძის საუბრის მოსმენა? ჩვენ რაში გვჭირდება?

საკუთარ თავს ნაღმებს არ ვუდებთ ხალხნო, გაიგეთ! იმაზე მეტი ჭკუა გვაქვს, ვიდრე ზოგიერთები პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ.

ეს არის თავად მათი ხელწერა, მით უმეტეს, როცა ამის ყველაზე კარგი გამოცდილება აქვთ, მონტაჟს ამ ქვეყანაში ყველაზე უკეთ ვინ აკეთებს ძალიან კარგად იცით, თუნდაც, იმიტირებული ქრონიკა გაიხსენეთ“,-აცხადებს სესიაშვილი.

გვარამია-ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერის გავრცელებაზე, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

იუთუბგვერდზე – Creative Georgia News დღეს გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიასა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის საუბარი ისმის.

Comments
Loading...