სევდია უგრეხელიძე საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს

სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. ამის შესახებ უგრეხელიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გადაწყვეტილება უგრეხელიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული პოლიტიკური ლიდერები და პარტიის სხვა წევრები ცალ-ცალკე ფრაქციას ქმნიან.

„ახლა, როდესაც საქართველო დგას დიდი საფრთხეების წინაშე, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების და არაფორმალური მმართველი ოლიგარქის წყალობით, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დანაწევრება, ტაქტიკური განსხვავებებისა და პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე პირადად არავითარი საფუძველი არ გამაჩნია, ამიტომ არ ვერთიანდები არც ერთ ფრაქციაში და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ყოფილი თანაგუნდელები ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართავენ.

შეიქმნება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს და ფრაქცია „თბილისი“ მამუკა ახვლედიანის ხელმძღვანელობით.

Comments
Loading...