სევდია უგრეხელიძე – ვინ არის ირონიისა და იუმორის საგანი ამ ქალაქში, მე მგონი ცნობილია – ეს არის თვით ბატონი დავით ნარმანია

ვინ არის ირონიისა და იუმორის საგანი ამ ქალაქში, მე მგონი ცნობილია – ეს არის თვით ბატონი დავით ნარმანია, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებას ოპოზიციასთან დაკავშირებით.

თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის არგუმენტები 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან სასაცილოა და საკრებულოს სხდომაზე მათ სასაცილო არგუმენტებზე აპირებს საუბარს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, თუ დავით ნარმანია თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და შენიშვნებს ასეთი ირონიით უყურებს, მაშინ რატომ მოხდა მათ მიერ გაკეთებული გარკვეული შენიშვნების გათვალისწინება ბიუჯეტის შესწორებულ პროექტში?

„თუ ასეთი ირონიით უყურებდა დავით ნარმანია, მაშინ როგორღა შევუქოთ ის, რომ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები და დიახაც, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ტრეინინგებისა და ფურშეტებისთვის დაგეგმილი 200-200 ათასი ლარი, ასევე მათთვის ნოუთბუქების შესაძენად გამოყოფილი სასაჩუქრე თანხები ბიუჯეტის პროექტიდან ამოღებულია, რაც მისასალმებელი საქციელია, მაგრამ სრულიად არ არის საკმარისი ამ ქალაქის განვითარებისათვის“, – განაცხადა სევდიამ უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბიუჯეტის ამ პროექტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან ასეთი ბიუჯეტით თბილისში ინფრასტრუქტურის განვითარება ვერ მოხერხდება, ვერ შემცირდება დედაქალაქში საცობები და ა.შ.

„დავით ნარმანია კვლავ არ ასრულებს თავის დაპირებას და მრავალსართულიან პარკინგებს არ აშენებს, არ ავითარებს ეკონომიკას, არ არის ჩადებული თანხები მეწარმეობისა და ხალხის დასაქმებისთვის. მშიერ ადამიანებს, რომლებიც უკვე გაჩნდნენ თბილისში, წესიერად ჯერ ზამთარიც არ დამდგარა, მილიონი ყვავილით ვერ გამოკვებავს. ასევე ის არ ითვალისწინებს ჩვენს რჩევებს, სერვისების მიმწოდებული დასაქმებული ადამიანების ხელფასის თუნდა 20%-ით გაზრდასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

წყარო: ipn.ge

Comments
Loading...