„შავი მარგალიტი“, „ფეხბურთის მეფე“ – დღეს პელე 75 წლის გახდა

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ – პელე დღეს 75 წლის გახდა – პელე 1940 წლის 23 ოქტომბერს ბრაზილია დაიბადა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად”. იმავე წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „France Football”-მა საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოჰკითხა ოქროს ბურთის მფლობელები; პირველ ადგილზე გავიდა პელე. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters”-მა, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L’Équipe”-მა პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით. მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში.

ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა. აქტიურად მონაწილეობს სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა). მას მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს”, „ფეხბურთის მეფეს”.

პელემ საფეხბურთო კლუბ „სანტოსში” თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში 16 წლისა, ხოლო როდესაც თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო, 17 წლის იყო. ევროპული კლუბებისაგან უამრავი შემოთავაზებების მიუხედავად, პელეს ბრაზილია არ დაუტოვია.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა საფეხბურთო და კომერციულ ღონისძიებებში. 2010 წელს დასახელდა „ნიუ-იორკ კოსმოსის” საპატიო პრეზიდენტად.

Comments
Loading...