„შეავსებს თუ არა ნაციონალების ადგილს ახალი არალიბერალური ფრთა?“

გამოთავისუფლებული პოლიტიკური სივრცე დიდხანს არ დარჩება ცარიელი. პოლიტიკურ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდება ორი ფრთა-ლიბერალური (უსუფაშვილი, „გირჩის“ წევრები და სხვები) და არალიბერალური. ამ შემთხვევაში, ყველაზე საინტერესო სწორედ არალიბერალური ფრთაა, რომელიც დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ ადგილს შეავსებს და მეორე ძალად მოგვევლინება. თუმცა ეს არ იქნება, ნაცმოძრაობის მსგავსი დესტრუქციული ოპოზიცია.

აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ ვინ ჩაუდგება ამ არალიბერალურ ფრთას სათავეში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთები არ გამორიცხავენ, რომ არალიბერალურ ფრთას ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უხელმძღვანელოს. თუმცა, შესაძლოა, ეს მხოლოდ ვარაუდი იყოს, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი მაინც ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება და არავის აწყობს, ოპოზიციური ძალის შემქნელად ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი დასახელდეს. ეს ხომ მეორე ძალის ხელოვნურობობის წარმოჩენა იქნება?!

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ არალიბერალური ფრთის შესაქმნელად კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. მართალია, მჟავანაძე არ აკონკრეტებს, ვინ იქნებიან ამ ფრთის წევრები, მაგრამ განმარტავს, რომ ეს ფრთა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებებით დაკომპლექტდება და აქ ვერ მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ფსევდოლიბერალიზმით.

„ლიბერალური და არალიბერალური ფრთის შექმნა მართლაც მოსალოდნელია. მაგალითად, უსუფაშვილი აპირებს ლიბერალური ფრთის შექმნას, მასთან გაერთიანდებიან „რესპუბლიკური პარტიიდან“ და „გირჩიდან“ წასული ადამიანები, ასევე, ექსპერტები, რომლებიც ბოლო დროს ასე მომრავლდნენ. ფაქტობრივად, ეს იქნება „რესპუბლიკური პარტიის“ დუბლირება. ძველ „რესპუბლიკურ პარტიაში“ კი მარტო ძმები ბერძენიშვილები დარჩებიან. ბერძენიშვილები და უსუფაშვილი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იდეოლოგია და სულისკვეთება ერთნაირად ანტისახელმწიფოებრივი აქვთ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ უსუფაშვილი უფრო დინჯი და გაწონასწორებულია. გაიხსენეთ, როდესაც უსუფაშვილი წავიდა კოალიციიდან, ბიძინა ივანიშვილზე როგორ ტონალობაში ლაპარაკობდა? უბრალოდ, ბერძენიშვილებმა და უსუფაშვილმა ერთად ვერ მოძოვეს და განხეთქილება იყო მართვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ და არალიბერალურ ფრთასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

მან არ გამორიცხა, რომ არალიბერალური ფრთა ძველი სახეებითაც დაკომპლექტდეს, მაგრამ ისინი მრავლად არ იქნებიან, რადგან საქართველოში ოპოზიციური პარტიების შიმშილია და ხალხს ყელში ამოუვიდა ძველი გაკოტრებული პოლიტიკოსები.

„ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა“ გარდაცვლილია. მის შიგნითაც განხეთქილებაა. სააკაშვილი გამოვიდა, გადაჯგუფება უნდა მოვახდინოთო. „ნაცმოძრაობის“ პერსპექტივას საერთოდ ვერ ვხედავ, ვერც თვითმმრთველობის არჩევნებში და ვერც მომავალში. ვფიქრობ, საინფორმაციო საშუალებასაც დაკარგავენ ცოტა ხანში და სასამართლო ამ ტელევიზიას ყოფილ მფლობელს დაუბრუნებს. ბევრს აინტერესებს, რატომ მიიღო 500 ათასი ხმა „ნაცმოძრაობამ“? მე ვფიქრობ, ეს 27 % ნაციონალებმა კი არ აიღეს, არამედ აიღო „რუსთავი 2“-მა. ეს ტელევიზია რომ არა, „ნაციონალები“ 2 %-საც ვერ აიღებდნენ. ამიტომ არალიბერალური ფრთა იბრძოლებს იმისთვის, რომ ამ ეტაპზე გახდნენ მეორე ძალა. ცხადია, სამომავლოდ ყველა პარტია იბრძოლებს პირველი ადგილისთვის, ანუ ხელისუფლებაში მოსასვლელად. თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდება არალიბერალური ფრთა, გამოჩნდება ისიც, ვინ ჩაუდგება მათ სათავეში. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს გარკვეულ წრეებში“.

ხომ არ შეავსებენ არალიბერალურ ფრთას „ქართული ოცნებიდან“ წასული ადამიანები? ამის პასუხად ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ „ოცნებიდან“ შესაძლოა, გარკვეული პიროვნებები გადავიდნენ, მაგრამ არა ფართო მასშტაბით. იქ ერთადერთი შეზღუდვა იქნება, რომ „ნაციონალები“ ვერ მიეტმასნებიან.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერთია გამოთავისუფლებულ პოლიტიკურ ველზე არსებული მოთხოვნა და მეორეა მიწოდება. მისი თქმით, პოლიტიკური ბაზარი ითხოვს ოპოზიციური ძალის გამოჩენას და, ბუნებრივია, ასეთი გამოჩნდება კიდეც.

„პოლიტიკურ პროცესებს ყოველთვის ბიზნესის ადმინისტრირების ფორმულების მიხედვით განვიხილავ. როგორც ჩვეულებრივ ბაზარზე შეიძლება იყოს მოთხოვნილება ხილზე, ბოსტნეულსა და ხორცზე, ასევეა პოლიტიკაშიც. დღეს თუ არ არის ეს პროდუქცია, ხვალ გამოჩნდება. თუმცა მარტო ლიბერალური და არალიბერალური ფრთის გამოჩენა არაფერს ნიშნავს. გავიხსენოთ, რომ თავის დროზე „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია იმ მახასიათებლებზე გახლდათ აგებული, რომელიც ყველაზე მეტად იყო ამომრჩეველში აკუმულირებული. ეს იყო ნაწილობრივ რელიგიურიც, ტრადიციულიც, მოდერნისტულიც, მაგრამ იმის გამო, რომ ამ პარტიამ ვერ შეძლო ვერც გულწრფელობის ჩვენება, ვერც სათანადო მუხტისა და სათანადო სამუშაოების ჩატარება, პარტიამ წააგო. ამიტომ ბაზარზე შემოტანილი პროდუქტი გაყიდვადი რომ გახდეს, ეს ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული“, – აღნიშნა არჩილ გამზარდიამ და განმარტა, რომ ახალ ძალაზე მოთხოვნილება 2016-ის არჩევნების წინაც იყო, რამდენიმე პარტიაც შეიქმნა ბოლო ერთ წელიწადში, მაგრამ მარტო პარტიის შექმნა თავისთავად არაფრის მომცემი არ იყო.

რაც შეეხება ახალ ოპოზიციურ ძალას, ექსპერტი ფიქრობს, რომ მასში ძველი სახეები ინტეგრირებულად გამოჩნდებიან. თუმცა საეჭვოა, მათ დიდი პერსპექტივა ჰქონდეთ, რადგან თავიანთი ეფექტი ვერ დადეს ახლანდელ არჩევნებზე.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ბაზარზე ახალი სახეები შემოვლენ. მით უმეტეს, რომ არჩევნები ოთხი წლის შემდეგაა დანიშნული და ახალი პარტიის შექმნიდან ოთხი წლის განმავლობაში ახალი სახეები ცნობილები გახდებიან. პირობითად რომ ვთქვათ, თუკი მარგველაშვილი და უსუფაშვილი გაერთიანდებიან, მათზე კი არ უნდა იყოს აგებული პარტია, არამედ ახალ ლიდერებსა და ახალ სახეებზე. ეს არ უნდა იყოს ლიდერზე ჩამოკიდებული პარტია. ახალი უსუფაშვილები, ახალი მარგველაშვილები და მათი შემავსებლები უნდა გაჩნდნენ, რადგან მარგველაშვილ-უსუფაშვილს ისეთი ხაზი აქვთ აღებული, რაც დიდ კითხვის ნიშანს ტოვებს, გადალახავენ თუ არა ასეთი იდეოლოგიით ბარიერს თუნდაც 2020 წლის არჩევნებზე. ამიტომ მათ სჭირდებათ შემავსებელი ახალი სახეები. ბუნებრივია, ეს რთული სამუშაოა და 2020 წლისთვის ახალი სახეები შეიძლება გახდნენ კვალიფიციურნიც, ცნობილებიც და დიდი იმიჯის მქონენიც“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი ძალების შექმნის მოთხოვნილება ნამდვილად არის, მაგრამ ერთია მოთხოვნა და მეორეა, ვინ შეძლებს მიწოდებას ამ ბაზარზე. მისი თქმით, უსუფაშვილს თეორიულად აქვს გარკვეული შანსი, ერთ-ერთი ძალა მიაწოდოს პოლიტიკურ ბაზარს, მაგრამ რამდენად შეძლებს ამას, სხვა საქმეა. ცხადია, თუ მან „რესპუბლიკური პარტიის“ კოპირება მოახდინა, მაშინ მის მცდელობას აზრი არ ექნება. მან „რესპუბლიკური პარტიისგან“ განსხვავებული პროდუქტი უნდა შესთავაზოს საზოგადოებას.

რაც შეეხება არალიბერალურ ფრთას, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მან არ იცის, რას ნიშნავს არალიბერალური ფრთა, როგორი პლატფორმა, იდეა ექნება ამ ფრთას. მით უფრო, რომ ამ ქვეყანაში იდეების დეფიციტია და უფრო პერსონებზე ვაკეთებთ აქცენტს, ვიდრე იდეალებზე.

„რას ნიშნავს არალიბერალური ფრთა-ფაშისტურს, რადიკალურს, ნაციონალისტურს თუ კონსტრუქციულს? ეს ხომ ზოგადი ფრაზებია. ფაქტია, რომ ამომრჩევლის 60-65% არჩევანის გარეშეა დარჩენილი. არის ძალიან დიდი ველი, სადაც შეიძლება პოლიტიკური შეთავაზება გააკეთო, ვინაიდან არსებული პოლიტიკური ელიტა საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობს. არჩევნებმა აჩვენა, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა არ უნდა ხალხს, სუფთა ფურცლიდან უნდათ ყველაფრის დაწყება, ვინ რას შესთავაზებს და რა მოხდება, ეს ცალკე თემაა. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ მეორე ოპოზიციური ძალა დაარქვეს ამ ახალ ძალას და არა – მესამე, მეოთხე ან მეხუთე. ეს „მეორე ძალა“ ძალიან თეორიულია, რატომ უნდა იყოს ეს ძალა ერთადერთი? ძველი სახეები აღარავის აინტერესებს, არათუ პარლამენტს გარეთ, არამედ – პარლამენტს შიგნითაც ყველას ყელში ამოუვიდა. ამიტომ ისეთი ძალები უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც არ არიან დამძიმებულნი არც წარსულის ცოდვებით, არც წარსულის მარცხით. დამარცხებული არავის უყვარს. ბაზარი ორიენტირებულია ახალ შეთავაზებაზე, ძველი პროდუქტი ან გაფუჭებულია, ან ვადაგასულია, ან კიდევ სხვა პრობლემები აქვს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, ახალ ოპოზიციურ ფლანგს დააკომპლექტებენ თუ არა „ოცნებიდან“ გამოსული ძალები, აღნიშნა, რომ ახლა თაფლობის თვე აქვს „ქართულ ოცნებას“ და ამიტომ ახლავე გაყრაზე ლაპარაკი ნაადრევია.

Comments
Loading...