“შეგვიძლია გაზით არა მხოლოდ საკუთარი თავი დავიკმაყოფილოთ, არამედ – მეზობლებიც…”

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვუარები გააჩნია. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“ეს ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ საკუთარი თავი დავიკმაყოფილოთ, არამედ დავაკმაყოფილოთ მეზობლებიც და ევროპაც”, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ფართოდ განიხილეს ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. “დღეს, ამ ფართო ფორმატის შეხვედრაზე მე განვაცხადე, რომ აზერბაიჯანში სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა და ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ამ კუთხით ერთიანი პოლიტიკა აწარმოონ”, – განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვთ წინააღმდეგობა და აზრთა სხვადასხვაობა. “ჩვენ მეგობრები ვართ, ძმები ვართ და დღევანდელი ეს წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა ჩვენი სამომავლო ურთიერთობების დინამიური განვითარებისთვის წარმართული ნაბიჯია”, – განაცხადა ალიევმა.

Comments
Loading...