შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ პეტრე კანკავა დაინიშნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ პეტრე კანკავა დაინიშნა.

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პირველი მოადგილე დღეს, აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.

პეტრე კანკავა 1977 წლის პირველ აგვისტოს, თბილისში დაიბადა. 1999 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება.

2015–2016 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ, 2010-2015 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში წამყვან თანამდებობაზე, 2009 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

პეტრე კანკავა 2005–2009 წლებში კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი და დროებითი რწმუნებული იყო, ხოლო 2004-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2000-2004 წლებში ქალაქ ათენში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, 2000 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ატაშედ, 1999–2000 წლებში კი, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის სპეციალისტად.

Comments
Loading...