შეწყალების კომისიის გარშემო პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ ცხრება

შეწყალების კომისიის გარშემო პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ ცხრება. პარლამენტის წევრთა ნაწილი შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს გამოჩენილი გამბედაობისთვის აქებს და კორუფციაში შემჩნეული მაღალჩინოსნების გვარების დასახელებას სთხოვს, მეორე ნაწილი კი, საკრებულოს წევრის ქმედებებს ნაციონალების ინტერესებს უკავშირებს და საქმეზე რეაგირებას მთავარ პროკურატურას სთხოვს.

სანამ, მთავარი პროკურატურა საქმის გამოძიებას აწაროებს, მანამდე ელისაშვილი იმ „ბინძური პოლიტიკოსების“ დასჯას ითხოვს, რომლებიც მისი ცნობით, პატიმრების გათავისუფლებით ფულის შოვნას ცდილობდნენ.

ელისაშვილის ინფორმაციით, საქმე „ქართული ოცნების“ გავლენიან მაღალჩინოსნებს ეხება, რომელთა თაობაზე მან ინფორმაცია ყოფილ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს მიაწოდა.

„აღნიშნული ტიპის ფაქტებთან დაკავშირებით, პროკურატურის მაღალჩინოსნებს ინფორმაცია სხვა პირებმაც მიაწოდეს“, – დასძენს ელისაშვილი, რომლის სკანდალურ ინფორმაციაზე პოლიტიკურ წრეებში აზრი ორად იყოფა. ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ვერც ერთი დეპუტატი ვერ უარყოფს, მაგრამ for.ge-სთან საუბარში ყველა იმის რწმუნებაშია, რომ შეწყალების კომისიაში გაჟღერებული ზარების უკან თავად არ დგანან.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ელისაშვილის მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციას საგანგაშოდ მიიჩნევს და ახალი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის „პირველ ტესტზე“ მიანიშნებს. როგორც for.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, ხელისუფლების რეაქცია მყისიერი უნდა იყოს და ყველა იმ ადამიანის ვინაობა უნდა გახდეს ცნობილი, რომლებიც შეწყალების კომისიის ძველ და ახალ თავმჯდომარეებზე ზეგავლენას ახორციელებდნენ.

„ახალგაზრდა ყმაწვილი, მთავარი პროკურორი პარლამენტში დედას იფიცებოდა, იმნაირი არ ვარ, წინამორბედი პროკურორები რომ იყვნენო და ეს საქმე მისთვის პირველი ტესტია იმის თაობაზე, ის იქნება თუ არა პირუთვნელი იმ დაპირების წინაშე, რაც მან პარლამენტს მაღალი ტრიბუნიდან გასცა. ბატონო ირაკლი, ბურთიც თქვენია და მოედანიც. ვნახოთ, რას იზამთ, როგორ იზამთ და თქვენს თანაგუნდელებს როგორ გაწირავთ, რომლებიც შესაძლოა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არიან მოკალათებულები“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ იმის წარმოდგენაც არ უნდა, რომ რომელიმე მისი კოლეგა ელისაშვილზე ან ქორიძეზე ზეწოლას ახორციელებდა.

„ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ხილული უნდა იყოს, რადგან ეს იმ დონის ბრალდებაა, რომელიც თაროზე ვერ შემოიდება და უჯრაში ვერ მიიმალება. თუკი ეს დანაშაულებრივი წრე არსებობს, ის უნდა გამოაშკარავდეს. როცა კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, ეს ფაქტები ციდან ხომ არ ცვივა? მით უმეტეს, იმ პროცესის კითხვის ნიშნის დაყენება ხდება, როცა სააკაშვილის დილეგებიდან ადამიანები პატიმრობიდან დავიცავით. თუკი ვინმემ ეს გაბედა, მას როგორც მორალური, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება. ასობით ადამიანი სიკვდილს გადავარჩინეთ და ეს ყველაფერი ვინ გაბედა უნდა ვიცოდეთ. ქორიძემ და ელისაშვილმა ჩვენებები მისცენ, რათა ყველაფერი გამოაშკარავდეს“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

კანონმდებელი წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ მანკიერ ტრადიციებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ტენდენციები თვალსაცემი სააკაშვილის დროს იყო, როცა შეწყალების კომისია ვის და რას ემსახურებოდა, ყველამ იცოდა.

„საქმეების ჩაწყობა მიდიოდა და ადეიშვილი წყვეტდა, ამ სიაში ვინ უნდა მოხვედრილიყო და პრეზიდენტის მაგიდაზე ვინ ყოფილიყო. ეს დრო წარსულს ჩაბარდა და არც მინდა ვიფიქრო, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხანაშიც ასეთი მოვლენებით შესაძლებელი იყო პატიმრების შეწყალება. კარგია, როცა ადამიანი ასეთ მიუღებელ ფაქტებზე გაბედულად ლაპარაკობს და თანამდებობის პირებს ამხელს“, – აღნიშნავს ცაგარეიშვილი, რომლის საპირისპიროს ამტკიცებს ნაციონალი ეკა ხერხეულიძე.

for.ge-ს ხერხეულიძე არწმუნებს, რომ წინა ხელისუფლება იმ მაღალჩინოსნებს ებრძოდა, ვინც კორუფციასა და მექრთამეობაში იყო შემჩნეული. დეპუტატის მოსაზრებით, ხელისუფლების არგუმენტი, რომ სანამ კონკრეტული გვარები არ დასახელდება, ელისაშვილის განცხადებას მტკიცებულებად ვერ მიიღებს, დროის გადათამაშებაა. ხერხეულიძე დარწმუნებულია, რომ ელისაშვილი საკუთარ თავში ძალებს იპოვის და ის გვარებს გაასაჯაროვებს.

„მან თქვა, რომ გვარები წელიწადნახევრის წინ დაასახელა. თუკი მაშინ პოლიტპატიმრის სიაში მოხვედრა 200 ათასი ღირდა, ახლა ეს ტარიფი ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, რაც ძალიან საგანგაშო ფაქტია. თუკი ვინმე ასე მანიპულირებს და ასე იქცევა, ხელისუფლება დამნაშავეა, რადგან ამგვარ მანკიერ მაგალითებს გაუყუჩდა და ის რეაგირებას არ ახდენს. კორუფციის რამდენიმე მაგალითი იყო, როცა წინა ხელისუფლება ასეთ სახელებს და გვარებს ებრძოდა. მაინტერესებს, საზოგადოების მოთმინება სანამდე მივა“, – აცხადებს ხერხეულიძე.

ელისაშვილს მაღალჩინოსნების გვარების დასახელებას სთხოვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძე for.ge-სთან საუბარში ინტერესდება, შეწყალების კომისიაში ფული როგორ კეთდებოდა. კანონმდებელის მოსაზრებით, ეს სქემა კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე ვერ შედგება.

„როგორ კეთდება ფული? – თუკი ასეთი მცდელობები იყო და ალეკო ნაწყენია, რომ ვიღაცამ მისთვის შეთავაზება იკადრა, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, თუკი სქემა რეალურად იყო, ამ პირების სახელები და გვარები უნდა დასახელდეს. ვისაც არ უნდა ვურეკო, თუკი კომისიის წევრები არ შეთანხმდებიან, ზარი ზარად დარჩება. თუკი ალეკო ამბობს, რომ სქემა შემუშავდა და ვინმე ფულს აკეთებდა, მაშინ ამაში კომისიის წევრები ყოფილან ჩართულნი და ეს ალეკოს როგორც კომისიის თავმჯდომარეს უნდა ეგრძნო. მაფიას ალ კაპონეს მსაჯულებიც მოსყიდული ჰყავდა, მაგრამ საქმეს პროკურორმა უშველა და გამამტყუნებელ ვერდიქტს მიაღწია. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა, ეს სქემა კომისიის წევრების გარეშე შემუშავებულიყო?!“, – აცხადებს დეპუტატი.

ფოფხაძე იმ პერიოდს იხსენებს, როცა კომიტეტს სურვილი ჰქონდა, შეწყალების პროცესში რაღაც ფორმით მონაწილეობა მიეღო, რადგან კომიტეტს მიაჩნდა, რომ კომისიაში ზედმეტი არ იქნებოდა.

„თუკი ჩვენი კომიტეტიდან ზარი იქნებოდა, ეს ჩემი ან ეკას მხრიდან უნდა მომხდარიყო. ალეკოს მუქარის ტონით ფატი ხალვაში ან მერაბ კაჭახიძე არ დაურეკავდნენ, მით უმეტეს, ჩიორა თაქთაქიშვილი. იმ ადამიანებს შუამდგომლობას ვუკეთებთ, ვინც შეწყალებას ითხოვს. მინიმუმ, ამ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რომ შეწყალებას არ ვაკეთებთ და მიმართვას კომისიას ვუგზავნით. ციხეებში დავდივარ, პატიმრებს ვხვდები და ისინი მეკითხებიან, მათ რატომ არ იწყალებენ. ტელეფონით ზარს არც ალეკოს ვაკადრებდი და არც ქორიძეს, რომ მეთქვა, ესენი გაუშვი-თქო. არ ვიცი, ასეთი ზარი ვისგან შეიძლება განხორციელებულიყო, მაგრამ ვინაიდან, ასეთი თემა წამოიჭრა, ამ პროცესში ყველა რომ არ მოვხვდეთ, სახელი-გვარები უნდა დასახელდეს. ყველანი დავდგეთ და თავი ვიმართლოთ, რომ ამ პროცესში არ ვმონაწილეობდით-თქო?“, – ამბობს ფოფხაძე, რომელიც მასსა და ზვიად ქორიძეს შორის გამართულ საუბარსაც იხსენებს.

ფოფხაძე აღნიშნავს, რომ ზვიად ქორიძესთან კერძო დონეზე საუბარი პირადად ჰქონდა და საუბარი ზოგადი თანამშრომლობის საზღვრებს არ გასცდენია.

„მას შევთავაზე, რომ კარგი იქნება თუკი, ურთიერთკომუნიკაციის რაღაც მექანიზმს შევუმუშავებდით. ჩემი მხრიდან დარეკვას ადგილი არ ჰქონია“, – დასძენს ფოფხაძე.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია ფიქრობს, რომ ელისაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ ადეკვატური ღონისძიებები უნდა განახორციელოს და მხოლოდ იმის განმარტებით არ უნდა შემოიფარგლოს, რომ ეს არის სიცრუე.

როგორც for.ge-ს კორძაიამ განუცხადა, ელისაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სერიოზული ბრალდებები გააჟღერა და როდესაც ერთი ადამიანი დანაშაულის თაობაზე შეტყობინებას აკეთებს, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გამოძიება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს.

„პროკურატურა ვალდებულია, პასუხები გასცეს, დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა თუ არა. მან ის არ უნდა ამტკიცოს, განცხადება ტყუილია თუ სიმართლე. პროკურატურამ სერიოზული პასუხები უნდა გასცეს, ელისაშვილის ბრალდებები საფუძვლიანი და დასაბუთებული თუ რატომ არ არის, ან ელისაშვილმა საკუთარ განცხადებას მეტი სერიოზულობა უნდა შესძინოს და იმ მაღალჩინოსნების სახელ-გვარები დაასახელოს“, – აცხადებს კორძაია, რომელიც ამბობს, რომ შეწყალების კომისიაში ზარი არც რესპუბლიკელებიდან გაჟღერებულა.

კორძაიას მსგავსად, ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრი ზვიად ძიძიგური ირწმუნება, რომ შეწყალების კომისიაში ზარი არ განხორციელებულა, მაგრამ მას პატიმართა შეწყალების თაობაზე რეკომენდაციები წერილობითი სახით გაუგზავნია.

for.ge-სთან საუბარში ძიძიგური სამჯერ იმეორებს, რომ საჭიროა გამოძიების წარმართვა, რადგან ოპოზიციონერი საკუთარ განცხადებებში თამამია და მას პასუხისმგებლობა ნაკლები აქვს, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფს. ძიძიგურის თქმით, ეს მას თავად აქვს გამოცდილი, როცა ოპოზიციაში იყო.

„სიტყვის ზომა-წონას არ ვაგდებდი, ისე ვლაპარაკობდი. ვფიქრობ, რომ საქმე ახლაც ამ შემთხვევასთან გვაქვს. თუკი კონკრეტული მასალებია, რასაც არ გამოვრიცხავ, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იმის ხელმძღვანელია, რომ კონკრეტული საქმეები შეისწავლოს და თუკი საჭიროდ ჩათვლის, ვინმეს რეკომენდაცია ან უნდა გაითვალისწინოს, ან არა. ეს ისეთი თემაა, რომელიც ადამიანებს ბედს ეხება. ეს საქართველოა და შეიძლება, პატიმარი ბევრს ჰყავდეს, შეწყალების სურვილი არსებობდეს, მაგრამ კომისია იმიტომ არსებობს, რომ ეს პროცესი კორუფციისგანაც იყოს დაცული და შეწყალებაც ობიექტურად მოხდეს“, – აცხადებს ძიძიგური.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, საკუთარ შეფასებებში უფრო მკაცრი და თამამია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი, რომელიც for.ge-სთან ელისაშვილის პოლიტინტერესებზე ეჭვებს გამოთქვამს. ვოლსკი ინტერესდება, ელისაშვილი ამდენი ხნის შემდეგ იმას რატომ ამბობს, რაც ადრე უნდა ეთქვა და არ დაემალა, თუკი ეს მართალი იყო.

„როგორც თავად საუბრობს სხვებზე, მის მიმართაც შეიძლება თქვან, რომ მან გარკვეული თანხა აიღო იმისათვის, რათა იმ პირებს შორის ჩადგეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ დღის წესრიგს კარნახობს. სხვა მიმართულებითაც ელისაშვილს ეტყობა, რომ თავის წარმოჩენა სურს. ის საპატრიარქოს შემოწმებას მოითხოვს და მას ზუსტად, ის აქცენტები აქვს გაკეთებული, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. შეიძლება, ადამიანს თავისი მოსაზრება ჰქონდეს, რომელიც ვინმეს პოზიციას ემთხვეოდეს და მას ამაში არ ვადანაშაულებ. რატომ, ახლა? – ეკლესიის და პატრიარქის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოებაში სხვანაირად უნდა იყოს შეფასებული. რა იყო, რამ გაამწარათ?“, – აცხადებს ვოლსკი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ელისაშვილმა ეს ინფორმაცია ან უნდა დაადასტუროს, ან უნდა აღიაროს, რომ პოლიტიკურ თამაშებში ძალიან უშნოდაა ჩართული.

ვინაიდან, აღნიშნული თემა დისკუსიისთვის გახსნილია, სავარაუდოდ, ზედაპირზე ბევრი რაღაც ამოტივტივდება, რადგან პოლიტპატიმართა სიის შედგენასა და პარლამენტის მიერ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებაზე პოლიტიკური ინსინუაციები თუ ბრალდებები ხშირად ისმის, რომ თითქოს, პოლიტიკური გადაწყვეტილების უკან ფულადი დაინტერესებაც იყო.

წყარო
for.ge

Comments
Loading...