“შიდაკომუნიკაცია არ ესმით, ამიტომ გახდა საჭირო გარეკომუნიკაცია” – გაფიცული მაღაროელები და ჩაფიძის პირობები

არეულობა ტყიბულში

უკვე რამდენიმე დღეა ტყიბულში გაფიცულები არიან მაღაროელები. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. ისინი აპროტესტებენ სამუშაო პირობებსაც. გაფიცულებს მხარს უჭერს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე. ტყიბულში არსებული დაძაბული სიტუაცია წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” ნამდვილად “არ აწყობს”, გაფიცულები კი დანებებას არ აპირებენ.

დეპუტატმა ჩაფიძემ კოალიციაში დარჩენასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებას” საკუთარ პირობები წაუყენა, მათ შორის, დეპუტატი ტყიბულელი მეშახტეებისთვის შეღავათების აღდგენას ითხოვს.

“მე მაქვს საკუთარი პირობები. ჩემთვის მთავარია შედეგის მიღწევა – ერთის მხრივ, იმ შეღავათების შენარჩუნება, რომელიც ჰქონდათ მეშახტეებს და, მეორეს მხრივ, მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანა. ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. შევეწინააღმდეგები ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ დამიჭერს მხარს. ნოდარ ხადური, გიორგი ვოლსკი ამ პრობლემასთან დაკავშირებით 14 დეკემბრიდან არიან საქმის კურსში. ასეთი მომენტი არ არის სასიამოვნო, რომ შენი შიდაკომუნიკაცია არ ესმით, ამიტომ გახდა საჭირო გარეკომუნიკაცია”, – განაცხადა ჩაფიძემ.

ტყიბულში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კომპანია საქნახშირმა დასაქმებულებს ხელფასების გადახედვა ორი თვის ვადაში შესთავაზა და გაცდენილი სამუშაო საათების ანაზღაურების პირობაც მისცა. ეს წინადადება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და შეთავაზების ფურცელი დახიეს.

რამდენიმედღიანი გაფიცვის შემდეგ, გუშინ ღამე ტყიბულში მეშახტეები შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ისინი ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობა.

ადგილზე სიტუაციის დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. შახტის ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ. დაახლოებით ერთ საათში გაფიცულმა მაღაროელებმა “საქნახშირი ჯი-აი-ჯის” ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყიბულში განვითარებულ პროცესებს დეტალურად შეისწავლის. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყიბულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელისო ჩაფიძეს ესაუბრა.
“გიორგი აბაშიშვილმა მაღაროელების მოთხოვნებთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატისგან მიიღო. გადაწყდა, რომ დღეს ადგილზე ვითარების გასაცნობად პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ტყიბულში 14:00 საათზე ჩავა და პროცესში მონაწილე ყველა მხარესთან შეხვედრას გამართავს”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

http://www.kvirispalitra.ge/

Comments
Loading...