შს მინისტრის მოადგილე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების აქციის მონაწილეებს მიმართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას. თალაკვაძე აღნიშნულ აქციას სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ეხმიანება. მისი თქმით, აქციის მონაწილეები შეცდომაში არიან შეყვანილნი.

“მინდა მივმართო მემარჯვენე (საჭიანი) პროტესტის მონაწილეებს: ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, მშვიდად ატარეთ თქვენი ავტოები, მათ არავინ ეხება. შეგიძლიათ მომავალში გაყიდოთ და მარცხენით შეცვალოთ. შეგიძლიათ სპორტული შეჯიბრისთვის გამოიყენოთ. ვისაც უკვე ნაყიდი გყავთ და გზაშია, ისინიც დაირეგისტრირებთ უპრობლემოდ. იაპონიიდანაც შეძლებთ მარცხენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანას ყოველთვის. თუ ვინმე მოგიწოდებთ იმის დასაცავად და მოსაპოვებლად, რაც უკვე გაქვთ – თქვენ შეცდომაში შეყავხართ”, – აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, უმჯობესია აქციის მონაწილეებმა სხვა საკითხები განიხილონ. “აქციაზე სჯობს განიხილოთ რომელი ავტომობილებით უნდა იარონ თქვენმა შვილებმა ხვალინდელ საქართველოში?

საით უნდა დაიგეგმოს მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში თუ კი ორივესაჭიანი მანქანები მალე გათანაბრდება? უნდა ვუყიდოთ თუ არა ცოლებს, ქმრებს და შვილებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, როცა ჩვენ მარცხენასაჭიანს ვარჩევთ ჩვენთვის? თუ მარჯვენა/მარცხენას აღრევა გზებზე სრულიად უსაფრთხოა, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ არ შეურიეს ავტოპარკი აქამდე?
ჩემს პირად სატრანსპორტო საშუალებას – მოტოციკლეტს, საჭე არც მარცხნივ აქვს და არც მარჯვნივ, თუმცა მაშინაც კი, როცა ავტომობილი ძალიან მინდოდა და ფული არ მყოფნიდა – მარჯვენასაჭიანი არ მიყიდია… რადგან ჩემი ქვეყანა მარცხენა სტანდარტს აღიარებდა. ღიად დაუჭირეთ მხარი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას – ეს პროგრამა მხოლოდ მარჯვენასაჭიან მანქანებს არ ეხება და ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად”, – აცხადებს თალაკვაძე.

თბილისში, მტკვირის მარჯვენა სანაპიროზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ლოზუნგია: “მე არ ვარ საშიში”. მძღოლებმა და დილერებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზის პირველ ზოლში, რამდენიმე კილომეტრზე გააჩერეს საკუთარი ავტომობილები და გააკეთეს უწყვეტი ჯაჭვი. ჯაჭვი მშრალი ხიდიდან იწყებოდა და თამარ მეფის ხიდამდე გრძელდებოდა. ამასთან, მძღოლებმა და დილერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას რამდენიმედღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ არ აკრძალოს რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციების გაგრძელებით და უფრო მწვავე პროტესტით იმუქრებიან

Leave A Reply

Your email address will not be published.