შს მინისტრის მოადგილე: მინდა, დაზარალებულებს ვუთხრა, რომ უცხო პირი შენობაში ვერ შევა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას  განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისა და მერიის სპეციალისტების დასკვნის თანახმად, „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შესვლა სახიფათოა.

როგორც შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, შენობის დემონტაჟი განხორციელდება.

„ადგილზე აალების  კიდევ ერთი კერა იყო რომელსაც ახლა აქრობენ, ეს პრობლემა არ არის. სამხარაულის ექსპერტიზისა და მერიის სპეციალისტები იყვნენ შენობაში, დაათვალიერეს. მათი დასკვნით,  შენობაში შესვლა სახიფათოა. აქედან გამომდინარე, დემონტაჟის გაკეთება გადაწყდა.

რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს დემონტაჟის პროცესი, შსს პერიმეტრის სრულ დაცვას უზრუნველყოფს და მინდა, დაზარალებულებს ვუთხრა, რომ უცხო პირი, ამ დღეების განმავლობაში, შენობაში  ვერ შევა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით, 03:00 საათზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით, 13 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Comments
Loading...