შსს ჩინეთის სამი მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩინეთის სამი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო ღონისძიებების შედეგად, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.ჟ და 1984 წელს დაბადებული ჰ.ჩ დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით)“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
წუხელ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...