შსს იმ უწყებას ასახელებს, რომელიც დაჯარიმების დროს მძღოლს ქულებს ჩამოაკლებს

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაჯარიმების დროს ქულების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ იქნება.

ამის შესახებ ხუციშვილმა დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ როდესაც მძღოლები უშუალოდ პატრულების მიერ დაჯარიმდებიან, ისინი არ გაასაჩივრებენ აღნიშნულ ჯარიმას და ის ძალაში შევა, ქვითარი გადაეგზავნება მომსახურების სააგენტოს, სადაც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ქულების ჩამოკლება მოხდება.

როგორც ხუციშვილმა განმარტა ამით მისი უწყება პოლიციელებისთვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემას აარიდებს თავს. გარდა ამისა შს მინისტრის მოადგილის თქმით პოლიციელებმა შესაძლოა დაჯარიმების დროს არც კი იცოდნენ რამდენი ქულა ექნება ამა თუ იმ მძღოლს დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებზე მსჯელობა პარლამენტში მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.