შსს-მ 124 აბი “სუბოქსინი”, 28 აბი “მეტადონი”, 8 აბი და აბის ნატეხი ე.წ. ექსტაზი ამოიღო

შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი და ე.წ. ბიოს 167 აბი ამოიღო. უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ლაურა ჯ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ ხ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ლაურა ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 124 აბი “სუბოქსინი”, 28 აბი “მეტადონი”, 8 აბი და აბის ნატეხი ე.წ. ექსტაზი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5414 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე, ამოღებულია 7 აბი ე.წ. ბიო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ტრიპტამინის ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს და საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს”
, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებით ლაურა ჯ.-ს და ვახტანგ ხ.-ს სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მე- 6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით) მიმდინარეობს.

Comments
Loading...