შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცველებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.

როგორც „ინფო 9“-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი ჯახუა არა მღვდელმსახური, არამედ ერისკაცია.

გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. უწყება გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.

დიაკონმა გიორგი ჯახუამ დღეს, „გირჩის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ქუთაისში, მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც მარიხუანა და ანტიკვარული იარაღი წაიღეს.

მისი თქმით, ორი წელია მძიმედ არის ავად. აწუხებს C ჰეპატიტი, დიაბეტი, პანკრიატიტი და მარიხუანას ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა.

Comments
Loading...