შსს-ს მიერ ცხელ კვალზე დაკავებულ პირს “საქართველოს ბანკის” 6 ფილიალი აქვს დაყაჩაღებული

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ნუგზარ გ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი ბრალდებული თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა და მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნუგზარ გ.-ს მიმართ დევნა განახორციელეს, რა დროსაც მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი და ჩანთა, რომელშიც ბანკიდან გატაცებული თანხა იდო, ქუჩაში გადააგდო. ორმხრივი სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ნუგზარ გ. ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბანკიდან გატაცებული ფული – 2000 ევრო, 6000 აშშ დოლარი და 4000 ლარი, ასევე, 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 44 საბრძოლო ვაზნა, ჯავშანჟილეტი და ნიღაბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ტიპის 12 ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანჟილეტი.

გამოძიებით დადგინდა დაკავებული პირის კავშირი ბოლო პერიოდში ბანკებში მომხდარ ყაჩაღობის სხვა ფაქტებთან, რაც ბრალდებულმა თავის ჩვენებაშიც დაადასტურა. კერძოდ:

2012 წლის იანვარში ნუგზარ გ.-მ თბილისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, N184-ში მდებარე იარაღის მაღაზია „გლოკი“ დააყაჩაღა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა აღნიშნული მაღაზიის დაცვის თანამშრომელს და 11 ცალი პისტოლეტი გაიტაცა.

2013 წლის 29 იანვარს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 11000 ლარი, 2300 აშშ დოლარი და 2000 ევრო გაიტაცა.

2013 წლის 21 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღა, საიდანაც 23000 ლარი, 10000 აშშ დოლარი და 250 ევრო გაიტაცა.

2014 წლის 20 მარტს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღა, საიდანაც 4000 ევრო, 12500 ლარი და 2000 აშშ დოლარი გაიტაცა.

2014 წლის 7 აპრილს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღა, საიდანაც 8000 ლარი, 4000 ევრო და 11000 აშშ დოლარი გაიტაცა.

2015 წლის 4 თებერვალს თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 5000 ლარი, 5000 ევრო და 15000 აშშ დოლარი გაიტაცა.

2015 წლის 24 აპრილს თბილისში ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 3000 აშშ დოლარი, 3000 ევრო და 17000 ლარი გაიტაცა.

გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით) და პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით).

Leave A Reply

Your email address will not be published.