შსს-ს მომსახურების სააგენტომ ახალი სანომრე ნიშნები „GE“ გამოუშვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ევროპული სახელმწიფოების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, 2016 წლის 1 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებისა და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნების გაცემას იწყებს.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ, განახლებულ სარეგისტრაციო ნიშანს მარცხენა მხარეს გასდევს ლურჯი ზოლი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო ქვედა ნაწილში – საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. სარეგისტრაციო ნიშანზე, მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე წითელი ფერით დაიწერება სერია და 4 ციფრიანი ნომერი.

უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ახალ შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშანს აქვს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

განახლებული ტრანზიტული ნომრის სერია სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიწყება ლათინური ასოებით „GE“, ხოლო მოტოციკლისთვის გათვალისწინებულია ერთი ლათინური ასო „G“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური და ვადები არ იცვლება. შიდა ტრანზიტით სარგებლობის საფასური ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის 1 დღეზე კვლავ 1 ლარს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშანი მომხმარებელს გასულ წელს შესთავაზა, 2016 წლის 1 იანვრიდან კი ცვლილება შიდა ტრანზიტულ ნიშანს შეეხება.

1097060_739950209440314_5941789142035125791_o-1024x683

Leave A Reply

Your email address will not be published.