სინგაპური – ადამიანის გონების თვალსაჩინო რეზულტატი


სინგაპური მეთვრამეტე საუკუნემდე, სანამ იქ ბრიტანელები კოლონიას დააარსებდნენ, მალაიზელი მებადურების დასახლება იყო და კუნძულის მოსახლეობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა მხოლოდ. ტომას სტემფორდ რაფლსმა, ბრიტანელმა მეზღვაურმა და მაღალი რანგის საჯარო მოხელემ, სამხედრომ და ბრიტანული ცეილონის გუბერნატორნა დაარსა აქ ქალაქი, რომელიც მალვე იქცა მსოფლიოს ამ ნაწილის უდიდეს პორტად.

ადგილი, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახო!

დღეს სინგაპური თანამედროვე, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოებისგან შემდგარი ქალაქ-სახელმწიფოა, სადაც მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი ეთნიკურად ჩინელია, 15 პროცენტი – მალაიზიელი, 10 – ინდუსი, 5 – ე.წ. ევრაზიელი (ევროპელების და აზიელების შთამომავლები) და სხვა. მაგრამ აქ ყველა თავს სინგაპურელად თვლის. 50 წელია ეს ხალხი ერთი იდეის, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობისა და წარმატებული ეკონომიკის მართვის იდეის გარშემო არის გაერთიანებული და მშვენივრად ახერხებს თანაცხოვრებას.

სინგაპურში ჩასულებს ნებისმიერი გიდი გეტყვით და ეს გიდი აუცილებლად კარგად მომზადებული და მაღალკვალიფიციური იქნება, რომ სინგაპურს აქვს 5 მთავარი უიპირატესობა და გამორჩეული ნიშანი. პირველ რიგში ეს ქალაქი არის მსოფლიოს ერთ-ერთი და რეგიონში ნომერ პირველი საფინანსო ცენტრი, სადაც გლობალური მასშტაბის საფონდო ბირჟა, ასევე უამრავი საერთაშორისო მასშტაბის ბანკი თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტი ოპერირებს. მეორე რიგში, სინგაპური არის მსოფლიოს ნომერ მეორე და აზიაში ნომერ პირველი საზღვაო ნავსადგური როტერდამის შემდეგ, რომელიც წელიწადში მილიარდ ტონაზე მეტი ტვირთის ბრუნვას უზრუნველყოფს და უკავშირდება 600-ზე მეტ პორტს მსოფლიოს 123 ქვეყანაში. სინგაპურის მესამე უპირატესობა მისი განათლების სისტემაა, რომელსაც გლობალური მასშტაბით წამყვანი ადგილი უკავია. სინგაპურის ბიზნესსკოლა მსოფლიო რეიტინგის ოცეულში შედის და ქალაქის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ათიათასობით უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ქალაქის მეოთხე გამორჩეული ნიშანი ეს არის თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით შეიარაღებული, მრავალრიცხოვანი არმია, რომელიც საუკეთესოა რეგიონში და უზრუნველყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას. სინგაპურის მეხუთე ვარსკვლავი კი ტურიზმი და ტურისტული ინფრასტრუქტურაა, რაზეც უფრო დეტალურად შევჩერდებით.

ჩასვლა

მარშრუტი სინგაპურამდე გრძელი და საინტერესოა, საუკეთესო საშუალება კი „ყატარის ავიახაზები“ და მისი მსოფლიოში საუკეთესო მომსახურებით გამორჩეული ლაინერებია. თბილისიდან 1 საათში ბაქოში ჩაფრინდებით და იგივე დრო გაჩერდებით აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში. ამის შემდეგ კი 4 საათიანი ფრენა გელოდებათ ყატარის დედაქალაქ დოჰამდე. ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში კომფორტულად გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ კი დაგჭირდებათ 5 საათიანი ფრენა ჩანგის აეროპორტამდე. ქალაქში მისვლისთვის კი ყველა შესაძლო სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება.

სასტუმროები

სინგაპური ცნობილია თავისი სასტუმროებით და დასასვენებელი კომპლექსებით, რომლებიც წელიწადში ათეულობით მილიონ ტურისტს და ქალაქის სტუმარს მასპინძლობენ. უმაღლესი სერვისით და მომსახურების თანამედროვე ხარისხით გამორჩეული სასტუმროები, როგორიცაა „რიც კარტლონი“, „მანდარინების“ და „ორქადების“ ქსელები, სხვა წამყვანი გლობალური ბრენდები თუ ადგილობრივი სასტუმროები განთქმულები არიან ზღვის კერძებით, ექსკლუზიური მომსახურებითა ყველა სახის კომფორტით.

ჭრელი ქალაქი

სინგაპური – ეს არის ევროპული, ჩინური და ინდური კულტურებსს, თავისი ყველანაირი გამოხატულებითა და სიმბოლური დატვირთვით. ასეთ სინთეზს ერთ ადგილას სხვაგან ბევრგან ვერ იპოვნით. სინგაპური ამ მხრივ უნიკალური ადგილია მსოფლიოში! „ჩაინა თაუნი“ (ჩინური ქალაქი) საკმაოდ დიდი კვარტალია, სადაც ბუდისტურ სალოცავებთან ერთად უამრავ ჩინურ რესტორანსა თუ მინი ბაზარს აღმოაჩენთ. უბანი „ლითელ ინდია“ (პატარა ინდოეთი) გამოირჩევა სავაჭრო დახლებით, სადაც უამრავი ხილი, სპეციები და ფერადი ნაჭრები იყიდება. ინდური ჩაიხანები და კვების ადგილები აქაც ბევრია.

სინგაპურის ისტორიული უბანი, ძირითადად, ბრიტანელი კოლონისტების მიერ აგებული შენობების ერთობლიობას წარმოადგენს, სადაც ნაგებობების ძირითადი ნაწილი ადმინისტრაციულია. აქ იპოვით რამდენიმე ისტოირიული კუთხით გამორჩეულ ადგილსაც.

პარიზის ეიფელის კოშკი, რომის კოლიზეუმი, ლონდონის ბიგბენისა და ძველი თბილისის ხედები ყველას აღბეჭდილი გაქვთ გონებაში და ეს ნაგებობები ამ ქალაქების სავიზიტო ბარათებს წარმოადგენენ. სინგაპურისთვის კი ასეთი ადგილია მარინა ბეი, ხელოვნური ყურის სანაპირო და სამი ერთმანეთის გვერდზე მდგარი უდიდესი სასტუმრო, რომლებსაც თავზე გრძელი გემის ფორმის ნაგებობა ადგას და აერთიანებს მათ.

გართობის კუნძული

ამ ყველაზე გამორჩეულ კუნძულს აზიაში, აქვს მთავარი კუნძული, ხელოვნურად გაშენებული სენტოსა, რომელიც ატრაქციონებისა და სხვა ექსტრემალური გართობის ცენტრია. აქ არის „მდინარეების საფარი“, მსოფლიოში წყლის უდიდესი ატრაქციონი, რომლის კონცეფციაც მდგომარეობს მსოფლიოს უდიდესი მდინარეების ფლორისა და ფაუნის მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში წარმოდგენაში. ეს არ არის გრანდიოზული აკვარიუმი. ეს გახსნილი სივრცეა, სადაც ამაზონის, კონგოს, იანძის, მეკონგის, ნილოსის, მისისიპისა და განგის მოდელირებაა არის ვიზიტორებისთვის შეთავაზებული.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ოქიდეების ეროვნულ ბაღი და ორქიდეების გამოყვანა, ეს მართლაც ცალკე ხელოვნება, რომელიც სინგაპურის ამ ბაღში უმაღლეს დონემდე არის აყვანილი. ამდენი ფერი, ასე ლამაზად შეხამებულ, ასეთი სილამაზეს ყვავილებში ვერსად ნახავთ.

აქვე უშველებელი აკვარიუმიც, უფრო სწორად სენტოსას აკვარიუმების მთელი კომპლექსი. სხვადასხვა ზომის, ფორმის, გარშემოწერილობისა და გაფორმების აკვარიუმებით, სადაც ყველანაირი თევზს ნახავთ. დაუვიწყარია „უნივერსალ სტუდიოს“ ატრაქციონების პარკი, სადაც „შრეკის“, „ტრანსფორმერების“, „მუმიის“ და „წყლის სამყაროს“ გამაოგნებელი ატრაქციონებთან ერთად, ქუჩაში მოსიარულე ჩარლი ჩაპლინსა და მერლინ მონროს შეხვდებით.

სენტოსაზე ნახავთ მადამ ტუსოს მუზეუმს, ლომთევზას უზარმაზარ ქანდაკებას, რომელსაც გადმოსახედი აქვს დამონტაჟებული. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ იაროთ სეგვეებით, მთიდან ბაგირზე ჩამოსრიალდეთ ზღვის სანაპიროზე. ერთი სიტყვით, სენტოსაზე ითამაშებთ, იცინებთ, იხალისებთ და ბოლომდე დაიხარჯებით.

მიზეზები საკმარისიცაა და მეტი, რომ ეს ქალაქი ნახოთ!

Comments
Loading...