„სირიის ტერიტორიაზე შესაძლოა, რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყოს“

იმ შემთხვევაში, თუ სტრატეგია შემუშავდა, საუდის არაბეთმა და თურქეთმა შესაძლოა, სირიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყონ. ოპერაცია სირიაში მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იქნება მიმართული. საუდის არაბეთმა უკვე დაიწყო საბრძოლო თვითმფრინავების გადასროლა თურქულ ავიაბაზა „ინჯირლიკზე“, რომელსაც აშშ-ის ავიაცია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვისთვის იყენებს.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, რომლის განცხადებით, თუ სირიის სამშვიდობო გეგმა ჩავარდება, კონფლიქტში შესაძლოა, უცხოური ძალები ჩაერთონ. კერის განცხადებით, რუსეთი იერიშებს არ წყვეტს სირიის მიმართულებით და განგრძობს ასადის რეჟიმის მხარდაჭერას.

„ასადის პირობებში შეუძლებელია სირიის ომის შეჩერება. თუ ასადის რეჟიმი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს და, თუ რუსეთი და ირანი არ დაარწმუნებენ ასადს, შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, მაშინ საერთაშორისო საზოგადოება გულხელდაკრეფილი არ იჯდება. ის უფრო გაზრდის აქტივობას, რომ მათზე ზეწოლა გააძლიეროს. არსებობს შესაძლებლობა, რომ დაეშის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ადგილზე დამატებითი სახმელეთო ძალების მობილიზება მოხდეს“, – აღნიშნავს ჯონ კერი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის ომის გაჭიანურებაში ადანაშაულებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი. დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „კერის განცხადება ფუჭი სიტყვებია და ეს არ უნდა ეთქვა“. მედვედევი აშშ-ს სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„თუ მას სურს გაჭიანურებული ომი, მაშინ მას შეუძლია სახმელეთო ოპერაციის დაწყება. თუმცა, ნუ ცდილობს ვინმეს დაშინებას. ნება მიბოძეთ გავიმეორო, არავის ინტერესებში არაა ახალი ომი, სახმელეთო ოპერაცია არის სრულფასოვანი, ხანგრძლივი ომი. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. არ არის საჭირო ვინმეს დაშინება – პირიქით, საჭიროა მოლაპარაკება. არავინაა დაინტერესებული ახალი ომის დაწყებით, მაგრამ სახმელეთო ოპერაცია სრულყოფილი ომია. ამისგან კი თავი უნდა შევიკავოთ“, – აცხადებს დიმიტრი მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო იერიშებს ახორციელებს. მოსკოვის თქმით, იგი ამგვარად ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა, დასავლეთი ფიქრობს, რომ რუსეთის ოპერაციების მიზანს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დახმარება წარმოადგენს. თავის მხრივ, რუსი ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის საჰაერო ძალების მიერ სირიაში მოქმედებას რამდენიმე მიზეზი აქვს და მათ შორის ის, რომ სირიაში უამრავი მებრძოლია, რომლებსაც რუსეთში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოსვლა და ტერორისტული აქტების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად თურქეთის თავდაცვის მინისტრი არ ადასტურებს მეზობელ ქვეყანაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას და აქვე ამბობს, რომ ჯერჯერობით სირიაში თურქი სამხედროების გაგზავნის საკითხი არ განიხილება. თუმცა, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა სახმელეთო ოპერაცია პრაქტიკულად დაიწყო.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ თურქეთის არმიამ უკვე დაიწყო სამხედრო ოპერაციის პირველი ფაზის განხორციელება. მისივე თქმით, თურქეთმა ჯერ კიდევ კვირას დაიწყო სამხედრო ძალების შეყვანა ჩრდილოეთ ლატაკიის პროვინციაში. როგორც მაისაია ამბობს, ბრძოლები მიდის ალეპოს ჩრდილოეთით თურქეთ-სირიის საზღვართან.

„ბრძოლები დაწყებულია და რამდენდაც ინფორმაცია მაქვს, თურქებმა უკვე დაიწყეს სამხედრო ოპერაციის პირველი ფაზის განხორციელება. საუდის არაბეთმა თურქეთთან ერთად გადაისროლა თავისი შეიარაღებული ძალები. ანუ, შექმნეს სამხედრო კოალიაცია და ეს კოალიცია კონკრეტულ ქმედებას იწყებს. ოპერატიული ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთმა დე ფაქტო დაიწყო სახმელეთო ოპერაცია“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, თურქეთის მხიდან აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, რადგან რუსებთან ერთად ქურთები მასირებულ შეტევას ახორციელებენ სტრატეგიულ ობიექტებზე.

„დიდი ალბათობით, სახმელეთო ოპერაციები ახალი ომის საფუძველი გახდება თუქრეთსა და რუსეთს შორის, რადგან რუსეთის ავიაციის სამიზნე შესაძლოა, გახდეს თურქეთის რეგულარული არმია, ეს კი თურქეთსა და რუსეთს შორის ომის დაწყების საბაბი გახდება. ვითარება შესაძლოა უკონტროლო გახდეს. ვითარება იმ კონდიციამდეა მისული, რომ სირიის ტერიტორიაზე შესაძლოა, რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყოს“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, რეალურად რუსეთსა და თურქეთს სხვადსხვა სამიზნე აქვთ. ერთი მხრივ არის თურქეთი, რომელსაც ქურთისტანი ეცლება ხელიდან და მეორე მხრივ არის რუსეთი, რომელსაც არ აწყობს ასადმა ხელისუფლება დაკარგოს. მისივე თქმით, რუსეთისთვის ასადის რეჟიმი საყრდენია იმისათვის, რომ ჩართული იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, რომ თავისი როლი და ფუნქცია წარმოაჩინოს.

„არც ერთის ქმედებაში არ ჩანს, რომ რეალურად „ისლამურ სახელმწიფოს“ უპირისპირდებიან. ვერ ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე, შესაძლოა, თურქეთსა და რუსეთს შორის ომი დაიწყოს. ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. ომი დასაწყებია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რომელთა მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას“, – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.

როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, რეგიონალური ომის დაწყება აზიანებს საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობას და სტაბილური ქვეყნის იმიჯს.

„ორივე მეზობელია, ერთი ჩრდილოეთით გვესაზღვრება და მეორე სამხრეთით და ომი მათ შორის, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მძიმე იქნება საქართველოსთვის. არ არის გამორიცხული რუსეთმა თავისი ბომბდამშენებისთვის ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს. ომის დაწყების გარეშეც კი, ძალიან დიდი საფრთხის და რისკის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში შექმნილი ვითარება“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყება ბევრ ქვეყანას ჩაითრევს, მთლიანად შეცვლის ახლო აღმოსავლეთის კონფიგურაციას და მსოფლიოში ძალთა განლაგებას. რაც შეეხება საქართველოს, ამბობს, რომ საქართველოზე ბევრი არაფერია დამოკიდებული და ახლა მთავარია აქტიური არ ვიყოთ ამ ვითარებაში.

„აქ უკვე სათამაშო სიტუაცია არ არის. რეგიონალური ომის შემთხვევაში ცხადია, რომ საფრთხეებიც დიდი იქნება. სამწუხაროდ, რეგიონალური ომი ძალიან მძიმე იქნება საქართველოსთვის. აქ მთავარია არა ის, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაიკავოს სწორი პოზიცია, არამედ პრობლემები გაჩნდება ეკონომიკაში. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ იმპორტი ფაქტიურად თურქეთზე გვაქვს ჩამოკიდებული, ექსპორტის რაღაცა დადებითი მომენტები არის რუსეთზე. როცა ორი ქვეყანა ომობს, ბუნებრივია, რომ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი არ შეგვიძლია. აქედან რაღაცა სარგებელის მიღება შეუძლებელი იქნება. მთავარია, რომ ამ მძიმე სიტუაციაში ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძემ.

წყარო: for.ge
თამთა ქარჩავა

Comments
Loading...