“სირიის თავისუფალ არმიასთან” კავშირს ბრალდებული ბორჩაშვილი ადასტურებს

დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ, ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით არის დაკავებული.
დავით ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმის მასალებს ეცნობა.
როგორც გელა ნიკოლაიშვილმა დეპარტამენტში შესვლამდე განაცხადა, საქმეს გრიფი დაედო და შესაბამისად, ადგილზე გაეცნობა საქმის მასალებს.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალს დღესვე, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წარუდგენენ, სადაც დაკავების შემდეგ მოათავსეს.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს ისლამური სახელმწიფოს წევრობას, აცხადებს, რომ მას კავშირი ჰქონდა “სირიის თავისუფალ არმიასთან”, რომელიც არ მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად და ებრძვის როგორც “ისლამურ სახელმწიფოს”, ასევე ბაშარ ალ ასადის რეჟიმს.
ადვოკატის თქმით, სირიაში ყოფნას ბორჩაშვილი ადასტურებს, თუმცა ფიზიკურად ვერ ექნებოდა კავშირი ისლამური სახელმწიფოს წევრებთან.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს, როგორც გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, ვიდეოებში, სადაც ადამიანს კრძალავენ, სახეები არ ჩანს და შეუძლებელია ბორჩაშვილის ამოცნობა.
ადვოკატი აცხადებს, რომ ბორჩაშვილის პირველ ეტაპზე საქართველოდან გაბრუნება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ მისი დაკავების საფუძვლები არ არსებობს.
“ერთი მხრივ, იგი იყო სირიაში და ეს გახმაურებული ფაქტია. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერორისტებთან აქვს კავშირი, თუმცა გამოძიებამ იცოდა, რომ ეს სიმართლე არ არის და მას სხვა ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი, ამის გაცხადება კი რთული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, იგი პირველ ეტაპზე საქართველოში შემოსვლის შემდეგ უკან გააბრუნეს, თუმცა თურქეთმა გაუკეთა დეპორტაცია და კვლავ დააბრუნა ქვეყანაში. ცნობილია, რომ თავისუფალი არმია, რომელთანაც კავშირი ჰქონდა ბორჩაშვილს, რუსეთის ხელისუფლების მიერ მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად, რადგან ისევ ებრძვის ასადის რეჟიმს. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ რუსეთის ფაქტორი იყო მიზეზი მისი საქართველოდან გაბრუნება, მეორე – მხრივ კი დასავლეთის. პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ქართველმა სამართალდამცავებმა არჩიეს, იგი გაებრუნებინათ საქართველოდან, როდესაც უკან დაბრუნდა იძულებული იყვნენ, რომ დაეკავებინათ”, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.