სხვადასხვა ბაზრობები მზად არიან, მოვაჭრეებს ფართები სამიდან ექვსი თვის ვადაში, ქირის გარეშე დაუთმონ

თბილისის მერიაში სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს.

თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს და მას მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება დაზარალებული პირებისთვის შეღავათების გაწევაში ჩაერთვება, მათ შორის, საუბარია ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავალიანების შესწავლის შესახებ.

„ბაზრების ასოციაცია“ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების ინიციატივით გამოდის. კერძოდ, სხვადასხვა ბაზრობები მზად არიან, მოვაჭრეებს ფართები სამიდან ექვსი თვის ვადაში, ქირის გარეშე დაუთმონ.

ასევე, საუბარია პროცესში ეროვნული ბანკის ჩართულობაზე, რომელიც დაზარალებულებისთვის კრედიტების გადავადებასთან დაკავშირებით, კომერციულ ბანკებთან შუამავალი იქნება.

თბილისის მერიაში მიმდინარე შეხვედრაზე, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებისა და დაზარალებულთა შესაძლო დახმარების გზებზე საუბრობენ.

Comments
Loading...