Solar Orbiter-მა მზის ყველაზე ახლოდან გადაღებული ფოტოები გამოაგზავნა

ევროპული კოსმოსური სადგურისა (ESA) და NASA-ს Solar Orbiter-ის მიერ გადაღებული ფოტოები გასაჯაროვდა. Solar Orbiter ESA-სა და NASA-ს პროექტია, რომლის მიზანსაც ჩვენგან უახლოესი ვარსკვლავის, მზის შესწავლა წარმოადგენს. ხომალდი 2020 წლის 9 თებერვალს გაეშვა და მზესთან ყველაზე ახლოს ის ივნისის შუა პერიოდში აღმოჩნდა.

“მზის ეს უპრეცედენტო გამოსახულებები ვარსკვლავისთვის ყველაზე ახლოს გადაღებული ფოტოებია. ეს საოცარი სურათები მეცნიერებს მზის ატმოსფეროს შესწავლაში დაეხმარება, რაც მნიშვნელოვანია იმის გაგებაში, თუ როგორ განსაზღვრავს ის კოსმოსურ ამინდს მთელ მზის სისტემაში”, — განაცხადა NASA-ს მეცნიერმა ჰოლი გილბერტმა.

აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ მისიის მიმდინარეობას გარკვეულწილად ხელი შეუშალა, თუმცა საბოლოოდ გუნდი შექმნილ სიტუაციასთან მაინც ადაპტირდა. ხომალდი 15 ივნისს მზეს ყველაზე ახლოს მიუახლოვდა და მისი ფოტოებიც გადაიღო.

ფოტო: NASA

Solar Orbiter-ს გამოსახულების მიმღები 6 ინსტრუმენტი აქვს და თითოეული მათგანი მზის სხვადასხვა ასპექტს სწავლობს. ხომალდის მიერ პირველად გამოგზავნილი ფოტოები სატესტოა და ადასტურებს, რომ ინსტრუმენტი გამართულად მუშაობს, მეცნიერები მათგან რაიმეს აღმოჩენას არ ელოდნენ. თუმცა ინსტრუმენტ EUI-ის მიერ გამოგზავნილი მონაცემები ისეთ დეტალებს შეიცავდა, რომლებიც აქამდე არასდროს შეუსწავლიათ.

ბელგიის სამეფო ობსერვატორიის ასტროფიზიკოსი, დევიდ ბერგემანსი მზეზე არსებულ წერტილებს განიხილავს, რომელიც ახალ ფოტოებში გარკვევით ჩანს. ეს წერტილები, რომლებსაც ბერგემანსი პატარა კოცონებს უწოდებს, მზეზე არსებული ამოფრქვევების მინიატურულ ვერსიებს წარმოადგენენ და მათზე მილიონჯერ — შესაძლოა, მილიარდჯერ პატარებიც კი იყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას წარმოადგენენ ეს კოცონები, თუმცა, შესაძლოა, რომ ისინი მინიატურული აფეთქებები იყოს — პაწაწინები, მაგრამ ყველგანმყოფები, რომლებიც მზის გარეთა ატმოსოფეროს გათბობაში ეხმარებიან.

უფრო მეტის გასაგებად მეცნიერებს ამ კოცონების ტემპერატურის შესახებ დამატებითი მონაცემები სჭირდებათ, რასაც საბედნიეროდ, ხომალდის ინტრუმენტი SPICE უზრუნველყოფს.

SoloHI-მ, რომელსაც რასელ ჰოვარდი ხელმძღვანელობს, ზოდიაქური სინათლე გამოამჟღავნა. ეს სინათლე იმდენად სუსტია, რომ მზის სიკაშკაშე მას ახშობს და მის დასანახად ამჟამინდელი მზის სინათლის ტრილიონჯერ შემცირებაა საჭირო.

ზოდიაქური სინათლე

ფოტო: NAS

“ამ ფოტოებზე ზოდიაქური სინათლე იდეალურადაა აღბეჭდილი. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ როდესაც ხომალდი მზესთან ახლოს მივა, მზიური ქარის სტრუქტურის შესწავლას შევძლებთ”, — განაცხადეს მკვლევრებმა.

ინსტრუმენტი PHI მზის მაგნიტური ველის რუკას ადგენს, განსაკუთრებით კი მის პოლუსებზე ფოკუსირდება. იგი ზენიტს მისიის ბოლოს მიაღწევს, როდესაც ხომალდი დროთა განმავლობაში პლანეტების ზემოთ მოექცევა და მზის პოლუსების უპრეცედენტო ხედს შემოგვთავაზებს.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...