სომხური კლუბი ერევნის „არარატი“ საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად აფხაზეთში ჩავიდა.

საქართველოსა და სომხეთს შორის შესაძლოა სპორტულ ამბებშიც დაიძაბოს ვითარება. საქმე ის გახლავთ, რომ ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი სომხური კლუბი ერევნის „არარატი“ საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად აფხაზეთს ესტუმრა და იქ რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ეს ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობი დარჩებოდა, აფხაზური მედია საფეხბურთო თემით რომ არ ჩავარდნილიყო აჟიტაციაში.

მიმდინარე წლის ზაფხულში აქ მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში. ამ მუნდიალზე ის ნაკრებები მონაწილეობენ, რომლებსაც ფიფა არ აღიარებს. ჩემპიონატში აფხაზეთის ნაკრებიც მონაწილეობს. ამ ჩემპიონატის სამზადისის შესახებ „ახალი თაობა” არაერთხელ წერდა, შესაბამისად, ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ამ სამზადისში მთელი დე ფაქტო მთავრობაა ჩართული.

(…)

ამ დღეებში ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაც გაიმართა. პრემიერმა არტურ მიქვაბიამ და შს მინისტრმა ლეონიდ ძიაპშბამ პირობა დადეს, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. ამ მოვლენის მიმართ აფხაზეთში დიდი დაინტერესებაა. რა დონის ფეხბურთს თამაშობენ არაღიარებულები, ვერ გეტყვით, მაგრამ სანახაობის მოკლებული აფხაზებისთვის ეს ჩემპიონატი მისწრებაა. ამ თემას დიდ ყურადღებას უთმობს აფხაზური პრესაც. საფეხბურთო თვალსაზრისით აფხაზეთი მიმზიდველი რუსული კლუბებისთვისაც გახდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ მომენტისთვის აფხაზეთში რამდენიმე რუსული კლუბი გადის საწვრთნელ შეკრებას.

როგორც აფხაზური მედია წერს, აქამდე ისინი სოჭში გადიოდნენ შეკრებას. აფხაზთა აზრით, ეს აფხაზური კლუბებისთვის და ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსულ კლუბებთან თამაშით ისინი გამოცდილებას მიიღებენ. ადგილობრივების განმარტებით, წელს პირველად მოხდა, რომ აფხაზეთში უცხოური კლუბები ჩამოვიდნენ შეკრებაზე. მათ შორის არიან ხაბაროვსკის „სკა ენერგია“ და ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგა“. რუსული კლუბების იქ გამოჩენა, არავის გააკვირვებდა. საკვირველი ისაა, აქამდე რატომ არ მართვდნენ ასეთი შეკრებებს.

აი, ერევნის „არარატისგან“ კი ასეთ სიმუხთლეს არავინ ელოდა. ქვეყანა, რომელიც მეგობრობას გეფიცება და ამ დროს იქ ერთ-ერთ მთავარ კლუბს ამხანაგური მატჩების გასამართად აგზავნის, ამას სხვა რამე ჰქვია. „არარატის“ სიმუხთლის ამბავს ენგურსგამოღმა საქართველოში დიდი აღშფოთება მოჰყვა.

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ს თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე „არარატის“ მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს. „27 იანვარს სოხუმში „დინამოს“ სტადიონზე ფეხბურთში ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგა“ და ერევნის „არარატი“!!! „არარატელთა“ ფეხი არ ვნახო აქ“, – აცხადებს ზვიად ტომარაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს, სომხეთის ელჩისგან განმარტებები მოითხოვოს. „ჩვენი უბედურება ისაა, რომ ყველაფერზე თვალს ვხუჭავთ. ვიღაცას შესაძლოა სასაცილოდ მოეჩვენოს სოხუმში “არარატის“ ჩასვლა, მაგრამ ასე არ არის საქმე. ყველაფრის ისე გატარება არ შეიძლება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს საქართველოში სომხეთის ელჩი და მისგან განმარტებები მოითხოვოს. არ შეიძლება, ერთი მხრივ, ჩვენი მეგობარი იყოს სომხეთი და მეორე მხრივ, ჩვენთვის წართმეულ ტერიტორიაზე ამხანაგურ მატჩებს ატარებდნენ“, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს:

„ყველაფერზე რომ ყვირიან, ამაზე ხმას რატომ არ იღებენ, ეს საქართველოსთვის ცუდი არ არის? იმ დღეს პარლამენტთან მოხდა ინციდენტი. მოქალაქე არუთინოვმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურს ხელები აუქნია და ყურის ძირში დაუსტვინა. მეჭიაურმა ხელი აუქნია და ამაზე მთელი ამბავი ატეხეს. თავიდან ამბობდნენ, ხელი გაარტყაო, ეს არ დადასტურდა და ახლა მეჭიაურს ჰომოფობიურ განცხადებაში ადანაშაულებენ. სადაა ჰომოფობია? არასამთავრობოებს არარსებული სკანდალების აგორებას ურჩევნიათ, რაზეც საჭიროა, იმაზე მოახდინონ რეაგირება“, – ამბობს უფლებადამცველი.

……….

ამ უქმეებზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. იმედი ვიქონიოთ, რომ განმარტებებს სამუშაო კვირაში მაინც გააკეთებენ. აფხაზეთთან მიმართებაში ბოლო ხანებში სომხეთი სანიმუშოდ იქცეოდა. ერთ-ერთი საერთაშორისო ტურნირიდან, საქართველოს მოთხოვნით, მათ აფხაზეთის ნაკრები მოხსნეს, ამის გამო სომხებს აფხაზები შემოსწყრნენ და ახლა, ეტყობა, „არარატი“ გაუშვეს მათ ნუგეშსაცემად.

წყარო: ახალი თაობა

Comments
Loading...