SOS – უკაცრიელ კუნძულზე მყოფი სამი კაცი ქვიშაზე უზარმაზარასოებიანმა წარწერამ სიკვდილს გადაარჩინა

ოკეანეთში, მიკრონეზიის სახელმწიფოს კუთვნილ უკაცრიელ კუნძულზე სამი დღის განმავლობაში მყოფი სამი კაცი სიკვდილს ქვიშაზე უზარმაზარი ასოებით შესრულებულმა წარწერამ გადაარჩინა.

კაცებმა 30 ივლისს პულავატის ატოლიდან დაახლოებით 50 კმ-ის დაშორებით მდებარე პულაპის ატოლისკენ გაცურეს ნავით, მაგრამ კურსი დაკარგეს და საწვავი გამოელიათ. მათ უკაცრიელი კუნძულის ქვიშიან პლაჟზე უზარმაზარი ასოებით იმ იმედით დაწერეს SOS, რომ შემთხვევით ვინმე დაინახავდა ციდან და მათ საშველად რამეს მოიმოქმედებდა.
 
სამდღიანი ლოდინის შემდეგ ისინი ჰავაის სანაპიროსკენ აშშ-ავსტრალიის ერთობლივ საზღვაო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად მიმავალი ავსტრალიური ხომალდ “კანბერადან” აფრენილმა ვერტმფრენმა შენიშნა და გემის კაპიტან ტერი მორისონის მიერ გაცემული ბრძანების შემდეგ, მათ საშველად დაეშვა კუნძულის პლაჟზე.
 
ვერტმფრენის ეკიპაჟმა დაუყოვნებლივ მისცა მათ წყალი და საკვები და შემდეგ, უკაცრიელ კუნძულზე გატარებული სამი დღის მიუხედავად ჯერ კიდევ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი კაცები ხომალდზე გადაიყვანა.
 
საბოლოოდ, პულავატის ატოლიდან დაახლოებით 220 კმ-ის დაშორებით მდებარე უკაცრიელი კუნძულიდან გემზე მოხვედრილი მამაკაცები სახლში მიკრონეზიის საპატრული კატერით დაააბრუნეს.
 
მიკრონეზია წყნარ ოკეანეში 600-მდე კუნძულზე მდებარე, დაახლოებით 100 ათას მოსახლიანი, აშშ-თან თავისუფლად ასოცირებული სტატუსის მქონე სახელმწიფოა. მოსახლეობა ვულკანური წარმოშობის რამდენიმე ათეულ კუნძულზე ცხოვრობს და მეთევზეობას და სოფლის მეურნეობას მისდევს. მარჯნის კუნძულები – ატოლები, პრაქტიკულად დაუსახლებელია.
Comments
Loading...