სოსო ჯაჭვლიანი – ბატონო ბიძინა ფეხებზე მკიდია ის, ვისაც არ ვუნდივარ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ საქართველო 25 წლის განმავლობაში ქვეყანა ეკონომისტებმა, იურისტებმა, სოციოლოგებმა და ექსპერტებმა დაანგრიეს, ხოლო სპორტსმენების, მეცნიერებისა და მსახიობების მიერ გაკეთებული საქმით ქვეყანას მთელი მსოფლიო იცნობს.

სოსო ჯაჭვლიანი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მედიაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მან „ინფო 9“-სთან საუბარში ქვეყნის წინაშე სპორტსმენებისა და მსახიობების დამსახურებაზე ისაუბრა და მისი მოსაზრების გაცნობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ურჩია.

დეპუტატის მოსაზრებით, პარლამენტში გაცილებით მეტი პოლიტიკურად მსახიობი ზის, ვიდრე თავად პროფესიით მსახიობი.

„ადამიანი ცხენს ვერ მოერია და ბრძოლა უნაგირს დაუწყოო. არავისთან არ მივსულვარ და კალთები არ შემომიხევია, გინდა თუ არა, პარლამენტში ვიყო-თქო. მე დამიძახეს და მოვედი! ყველა მსახიობსა და რეჟისორს, ვინც პარლამენტში არის, თავისი ისტორია აქვს და ყველა დამსახურებული ადამიანია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სიმართლეს საუბრობდნენ და საკუთარი საქმის ერთგულები იყვნენ, როცა სხვა გაჩუმებული იყო. რაც შეეხება მსახიობობას, მე პირადად მსახიობი არასოდეს ვყოფილვარ და მსახიობები თავს მახვევია. პარლამენტში, 90 პროცენტში მსახიობების გარემოცვაში ვარ. ასეთი მსახიობობა ნებისმიერ კინომატოგრაფიას შეშურდება, რა მსახიობობაც ჩვენს პარლამენტში არის, ჩემის გამოკლებით. ჩემს თავს მსახიობად მე ვერ აღვიქვამ“, – აცხადებს ჯაჭვლიანი.

ჯაჭვლიანი ინტერესდება, პარლამენტში სპორსტემენებისა და მსახიობების არსებობა პოლიტიკური მსჯელობისა და განხილვის თემა ხშირად რატომ ხდება და ამით ამ დარგის ადამიანებს რატომ აღიზიანებენ.

„რაც შეეხება სხვა საკითხს, ამ თემაზე ლაპარაკი რატომ მიდის? – ირაკლი ახალგაზრდა კაცი რომ არის, როგორ ეტყობა! ამ ხალხს რატომ აღიზიანებენ? – ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, დანარჩენებს ვგულისხმობ. აი, მაგალითად, პარლამენტში ყოფილან იურისიტები, ეკონომისტები და სოციოლოგებიც. თურმე, მსახიობები, რეჟისორები და სპორსტემენები ხელს უშლიან სხვებს. 25 წლის მანძილზე, ამ ე.წ. იურისტებმა, სოციოლოგებმა და დიდმა პროფესიონალებმა საქართველო მიწასთან გაასწორეს. პარლამენტში ჩვენ რომ არ ვიყავით, მანამდე კეთილდღეობა იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა? თუ ერთი ადგილი უშლიდათ ცეკვაში ხელს? – თუკი აქტივობაზე, პროფესიონალიზმზე, ცნობადობასა და ავტორიტეტზეა ლაპარაკი, მაშინ, ჩვენს საქართველოს პოლიტიკური კუთხით, დედამიწის ზურგზე არავინ იცნობს. ყოველთვის, საქართველოს იცნობდნენ – დიდი ხელოვანებით, დიდი მეცნიერებითა და დიდი სპორტით.

ინდოეთი მილიარდიანი ქვეყანაა, სადაც მხოლოდ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი და ისიც მსუბუქ წონაში ჰყავთ. საქართველო 3,5 მილიონიანი ქვეყანაა და თითქმის, 40-მდე ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. საქართველოს ამათი სახით იცნობენ და ეს ადამიანები ნებისმიერ უცხოელს, მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს ფეხზე წამოაყენებენ, როცა საქართველოს ჰიმნს უკრავენ. საქართველოს ასევე იცნობენ – მეცნიერებით, რეჟისორებითა და მსახიობებით“, – აცხადებს ჯაჭვლიანი.

კანონმდებელი ვარაუდებს გამოთქვამს, რომ სპორტსმენებსა და მსახიობებს ის „შავბნელი“ ძალები უპირისპირდებიან, რომლებსაც სურთ, ბიძინა ივანიშვილს თანამებრძოლები და ერთგული ადამიანები ჩამოაშორონ.

„აქ სხვა თემაა კიდევ. რატომ მიდის ამაზე საუბარი და გაღიზიანება? – ეტყობა, ძალები შავბნელი ძალებია, რომელთაც სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს თანამებრძოლები და ერთგული ადამიანები ჩამოაშორონ.

ბატონო ბიძინა, ეს წერილი ყურადღებით წაიკითხეთ! საქართველოში ყველაფერის სწავლა შეიძლება, მაგრამ სამ რაღაცას ვერ ისწავლი და ამას ვერც დიპლომი შველის, ვერც „ოქსფორდი“ და ვერც „კემბრიჯი“. ესაა: ერთგულება, პატიოსნება და სამშობლოს სიყვარული. ყაჩაღი და გაიძვერა კი, არ უნდა იყო. ამ თვისებებს არანაირი განათლება არ სჭირდება, ეს ხარ, ან – არა“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ჯაჭვლიანი კრიტიკოსებსაც ეხმაურება და განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტში მაჩვენებლებით გაცილებით ნაკლები სპორტსმენი და მსახიობი არის, ვიდრე საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთისა და იტალიის პარლამენტებში.

„ევროპისკენ მივდივართ? – მივდივართ. ნახეთ, პროცენტულად, საქართველოს პარლამენტში ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენელი რამდენი ადამიანია და სხვაგან რამდენია. საქართველოში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი პროცენტია. ე.ი. ვიღაცას ამათი ავტორიტეტი გულზე ხვდება. ამ განცხადებაში ვის ვგულისხმობ, ამას გამგები გაიგებს! მეკითხებით, ეს ადამიანები კოალიციაში არიან თუ არა? – დიახ, არიან. თან გეტყვით, როგორ თქვა ხემ, რომელსაც ჭრიან? – მე ვერაფერს მიზამდნენ, ჩემი ნათესავი რომ არ ერიოსო, ხომ?“, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

ჩვენ დავინტერესდით, ვის გულისხმობდა „შავბნელ“ ძალებში და ასევე, პარლამენტში მსახიობებისა და სპორტსმენების ყოფნა გულზე „რესპუბლიკელებს“ ხომ არ ხვდებათ.

ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ „ამას გამგები გაიგებს“.

„კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ არის, ის! თუკი პარლამენტში ჩვენი ყოფნა არ უნდათ, ეს შეიძლება ლამაზად გააკეთონ. ვისაც არ ვუნდივარ, ასი წელი არავინ მჭირდება. რატომ? – ვერაფერს რომ ვერ გიგონებენ იმიტომ. „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ მონაცემები ნახონ და მიხვდებიან, 73 დეპუტატში ვინ პირველია და ვინ მესამე. თუ იმაზეა ლაპარაკი როგორ ვმუშაობთ, ნახეთ, ჩვენები როგორ აქტიურობენ და კიდევ როგორ იაქტიურებენ“, – ამბობს დეპუტატი.

ჯაჭვლიანს ასევე, ვკითხეთ, აპირებს თუ არა ეს საკითხი თავად ირაკლი კობახიძესთან გაარკვიოს, რომელმაც თქვა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში იმ რაოდენობის მსახიობები და სპორტსმენები აღარ იქნებიან, როგორც დღეს არიან წარმოდგენილნი.

„ეს წერილი უკვე პასუხია. ამას რატომ აკეთებენ და ხალხს რატომ აღიზიანებენ? – ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, რადგან ეს თემა სულ ფეხებზე მკიდია. ვისაც არ ვუნდივარ, ასი წელი არ მინდა. ეტყობა, ამ ყველაფერის უკან დიდი ჩანაფიქრია. როცა 2012 წელს მოვედით, როგორც ჩანს, ამ შავბნელ ძალებს ჩანაფიქრი ჰქონდათ. პარლამენტში პირველი მსჯელობა, რაზე დაიწყეს? – ბუსუსებიან პრეზერვატივებზე კანონპროექტი შემოიტანეს. ირიბად, ამას ხომ არ გულისხმობდნენ? – თუკი ვინმე ამას შეეცდება? – ნახმარი ის დარჩება. ხომ შეიძლება, ეს ხალხი მეგობრულად, ადამიანურად არ გააღიზიანო და კოალიცია თუ ფრაქცია ჩვეულებრივად შეიკრიბოს? – თქვან, აბა სახლებში წავედითო და ყველა წავა, ვინმეს კალთებს არ ჩამოახევენ. რატომ აკეთებენ ამას? – ქვეყანა ეკონომისტებმა, იურისტებმა, სოციოლოგებმა და ექსპერტებმა დაანგრიეს, ხოლო საქართველოს სპორტსმენებისა და მსახიობების საქმით მთელი მსოფლიო იცნობს“, – დასძინა ჯაჭვლიანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.