სოსო ჯაჭვლიანის და ზვიად ტომარაძის განცხადება “სითი პარკის” შესახებ

„2015 წლის 29 მაისს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს შედეგი არ მოჰყოლია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი პრესკონფერენციაზე საუბრობს და აქვე აცხადებს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტს განსახილველად მისი ინიცირებით ახალი კანონპროექტი შესთავაზა, რომლის ავტორებიც ზვიად ტომარაძე და როინ მიგრიაული არიან.

https://www.youtube.com/watch?v=7qgjuReVfR4

„15 ივნისს ძალაში შესული ცვლილებების შედეგად, მკაფიოდ განიმარტა ის სამი შემთხევევა, რა დროსაც შესაძლებელია ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა: ავტომანქანა, რომლის მფლობელიც მასში არ იმყოფება, არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საცობსა და საავარიო სიტუაციას, არ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი სპეციალურ ავტოსადგომზე. კომპანია „სითი პარკი” ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მოქალაქეთა ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანას და მათი საკუთრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.

კომპანია კანონში არსებულ ჩანაწერს „არ აფერხებს მოძრაობას” სათავისოდ კითხულობს და ნებისმიერი ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისას, ფეხით მოსიარულეთა „მოძრაობის შეფერხებით” ამართლებს. ასევე სარგებლობს ჩანაწერით: „სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია” ან „დგომა აკრძალულია” მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს”. აღნიშნული ჩანაწერი ჩვენს კანონპროექტში არ იყო, ის დაემატა პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ, აშკარაა, რომ ამ ჩანაწერის „ავტორი” ამით „სითი პარკს” ლობირებდა. ჩვენთვის დღემდე უცნობია მისი ვინაობა“, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც ახალი კანონპროექტით არის განსაზღვრული.

1. ავტომანქანის გადაყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საავტომობილო მოძრაობას ან ქმნის საცობს. კანონში კონკრეტდება, რომ „საავტომობილო მოძრაობის” და არა ფეხით მოსიარულეთა შეფერხების შემთხვევაში ხდება ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანა.

2. კანონიდან ხდება მესამე შემთხვევის ამოღება: „თუ ქმნის საავარიო სიტუაციას”, რომლის შემთხვევაშიც „სითი პარკს” ჰქონდა მანქანის ევაკუირების შესაძლებლობა.

3. კანონიდან ხდება ამ ჩანაწერის ამოღება: „სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია” ან „დგომა აკრძალულია” მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს”.

4. კანონს ემატება ჩანაწერი: „დაუშვებელია სპეციალურ დაცულ სადგომზე იმ ავტომანქანის გადაყვანა, რომელიც არღვევს ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია” ან „დგომა აკრძალულია” მოთხოვნას, მაგრამ არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას ან არ ქმნის საცობს”, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

Comments
Loading...