სოსო რობაქიძე მოსამართლე დავით მგელიაშვილის აცილებას ითხოვს

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილს უნდობლობას უცხადებს და მის აცილებას ითხოვს.

რობაქიძის განცხადებით, მისი შვილის საქმეს მოსამართლე მიზანმიმართულად აჭიანურებს და პროცესებს ხუთ თვეში ერთხელ ნიშნავს.

რობაქიძეს პროკურატურასთან პრეტენზიები არ აქვს, რადგან აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის საქმე არჩილ კბილაშვილის დროს არის გამოძიებული და ახალ პროკურორს ამ შემთხვევაში, ვერ დაადანაშაულებს.

ამასთან, როგორც რობაქიძემ აღნიშნა, ემოციური იყო მისი განცხადება 11 იანვარს გამართულ პროცესზე, როდესაც მან პროკურატურის მოწმეს ცრუ მოწმე უწოდა.

„უნდობლობას ვუცხადებ მოსამართლეს. ის ხუთ თვეში ერთხელ ნიშნავს პროცესებს, 3 წელი მიმდინარეობს საქმეზე სასამართლო. მგელიაშვილი დაცვის მხარეს ყველაფრის უფლებას აძლევს, ორჯერ გამაძევა დარბაზიდან, ბრალდებულების ახლობლებს კი, რომლებიც რას აღარ იძახიან პროცესებზე, არაფერს ეუბნება. პროკურატურას კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს, ეს საქმე დიდი ხნის დამთავრებული უნდა იყოს, ეს კაცი რაღაცას ელოდება, აი ნახავთ, რა განაჩენს გამოიტანს, ამ საქმეში პროკურატურა არაფერ შუაშია, ვხედავ როგორ წვალობენ პროკურორები.

რაც შეეხება მოწმე პოლიციელს, რომელზეც ვთქვი ცრუ მოწმეათქო, ემოციურად გამომივიდა, არ ვიცოდი, ეს კაცი რატომ მეტყველებდა ასე, თურმე პარალიჩი ჰქონია გადატანილი“, – განაცხადა რობაქიძემ.

ამასთან, რობაქიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ირაკლი შოთაძის უწყება ბუტა რობაქიძის მეორე საქმეს, რომელსაც საგამოძიებო უწყება იძიებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიებს.

„ვენდობი ახალ პროკურორს, რადგან ირაკლი შოთაძის პერიოდში გაიხსნა იური ვაზაგაშვილის საქმე, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. მეორე საქმეზე, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობას ეხება, გამოძიება დაწყებულია და იმედი მაქვს, ამ საქმეზე მაინც იქნება ჩატარებული ეფექტური გამოძება“, – განაცხადა რობაქიძემ.

„ინფო 9“-ს კითხვაზე, თუ კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იყვნენ ბრალდებულები მეორე საქმეზე, რობაქიძე აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე უნდა დაისაჯონ ქალაქის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი და დიდუბე­-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი ირაკლი წერეთელი.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო ბრალეულობას 2004 წელს მომხდარ ფაქტზე, რობაქიძე ამბობს, რომ ოქრუაშვილი არჩილ კბილაშვილის დროს „გაათეთრეს“.

„ოქრუაშვილი ყველაზე მეტი დამნაშავეა, მაგრამ ეჭვი მეპარება ის ბრალდებული იყოს მეორე საქმეზე. ოქრუაშვილი „გაათეთრეს“ კბილაშვილის დროს, თუ ვინ „გაათეთრა“, ამას ვერ ვიტყვი“,- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.