სოზარ სუბარი: 2007 წლის 7 ნოემბერს დამტკიცდა, რომ სახელმწიფოს მართავდა მიხეილ სააკაშვილის ნება-ახირება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 7 ნოემბერი იყო ძალადობის წინააღმდეგ ქართველი საზოგადოების ბრძოლის დღე, ქუჩაში გამოსულმა ხალხმა ხმამაღლა თქვა, რომ არ აპირებს, შეურიგდეს თავსმოხვეულ უსამართლობას და ძალადობას.

„2007 წლის 7 ნოემბერს საბოლოოდ დამტკიცდა, რომ სახელმწიფოს მართავდა არა კანონი, სამართალი, არამედ ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ნება-ახირება. ამასთანავე, ეს იყო ძალადობის წინააღმდეგ ქართველი საზოგადოების ბრძოლის დღე, ქუჩაში გამოსულმა ხალხმა ხმამაღლა თქვა, რომ არ აპირებს, შეურიგდეს თავსმოხვეულ უსამართლობას და ძალადობას.
მე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, მართლაც დეტალურად შევისწავლე, თუ რა ხდებოდა მაშინ, რა ხდებოდა ტელეკომპანია „იმედში”, რა ხდებოდა ქუჩაში. მაგალითად, როგორ ამცირებდნენ ჟურნალისტს, ქალბატონს, რომელიც იყო ცხრა თვის ფეხმძიმე და როგორ აიძულებდნენ ბუქნების გაკეთებას, შემდეგ როგორ არბენინებდნენ და როგორ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. სრულიად უკანონოდ როგორ აღუკვეთეს თავისუფლება პარლამენტის წევრებს რამდენიმე საათის განმავლობაში და როგორ აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გვახსოვს, როგორ მოხდა „იმედისთვის” მაუწყებლობის შეწყვეტა, ასევე სრულიად უკანონოდ გაუთიშეს მაუწყებლობა ტელეკომპანია „კავკასიასა” და „25 არხს”. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიყავი მაშინ ის ადამიანი, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიური კონტაქტით, მოვახერხე და რამდენიმე დღის შემდეგ ამ ტელეკომპანიებს აღუდგათ მაუწყებლობა.
7 ნოემბერს კიდევ ერთხელ დარწმუნდა სრულიად საქართველო, რომ ქვეყანას მართავდა არა კანონი, არამედ ძალადობრივი რეჟიმი.
დღეს, საქართველოში დადგა დრო, როცა კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
თუ გადავხედავთ ჩვენ ისტორიას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ვნახავთ, რომ ჩვენი ხალხის მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ, დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობებისკენ ურყევი და შეუქცევადია”, – წერს სოზარ სუბარი „facebook”-გვერდზე

Comments
Loading...